რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი - ცნობილია ბორჯღალისნების მეტოქეები და კალენდარი
Aa
Aa

რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი - ცნობილია ბორჯღალისნების მეტოქეები და კალენდარი

მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი ერთა თასი, 2026 წლის 4 ივლისს მონტევიდეოში, ბორჯღალოსნებისა და მასპინძელი ურუგვაის შეხვედრით გაიხსნება.

რაგბის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაამტკიცა ახალი ტურნირის ივლისის კალენდარი, რომელიც 4-იდან 18 ივლისის ჩათვლით სამ სათამაშო დღეს და ჯამში 18 შეხვედრას მოიცავს.

ტურნირში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.

ა ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ; ბ ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.

თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს (ივლისის და ნოემბრის). მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.

ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში გაიმართება. საქართველო სამხრეთ ნახევარსფეროში ჩავა და 4 ივლისს ურუგვაის, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა, მონტევიდეოში ეთამაშება; 11 ივლისს ჩილეში სამოას (რეიტინგში - 20) დაუპირისპირდება; ხოლო 18 ივლისს ასევე ჩილეში მასპინძლებს (რეიტინგში - 18) შეერკინება.

სტრუქტურული გარემო კონკურენტუნარიანობისა და სტაბილურობისთვის

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი ჯამში 24 ქვეყანას აერთიანებს და ის ორ დივიზიონადაა დაყოფილი - ერთა ჩემპიონატი და ერთა თასი. ორივე დივიზიონის სტრუქტურა იდენტურია და უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, დატვირთულ კალენდარს ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრებისთვის.

2030 წელს დივიზიონებს შორის ასვლა/დარჩენის პლეი-ოფები გაიმართება - ერთა ჩემპიონატის აუტსაიდერები ერთა თასის ლიდერებს შეერკინებიან და უკეთესი გუნდები ახალ 4-წლიან ციკლს რანგით მაღალ დივიზიონში დაიწყებენ.

მსოფლიო რაგბი ახალი ტურნირის მიზნებთან დაკავშირებით განმარტავს:

„ერთა თასის გუნდები იასპარეზებენ სტრუქტურირებულ გარემოში, რომელიც კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სტაბილური, ყოველწლიური ტესტ-მატჩების უზრუნველყოფას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების ზრდის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ეს საინტერესო კალენდარი იდეალურად აბალანსებს გეოგრაფიულ არეალს, მოთამაშეთა ჯანმრთელობას, ლოჯისტიკურ ხარჯებსა და განვითარების პერსპექტივებს. ის გულშემატკივრებს - სიცხადეს, გუნდებს - სტაბილურობას, ხოლო კავშირებს კომერციულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ეს ერები რაგბის ყველაზე მზარდ და საინტერესო ბაზრებს წარმოადგენენ. ბოლო წლებში ბევრმა მათგანმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია მიზანმიმართული განვითარების გზებით, გაზრდილი ინვესტიციებითა და გულშემატკივართა ჩართულობის სარეკორდო აჩვენებლებით. ერთა თასი მათ აძლევს ყოველწლიურ პლატფორმას, რათა თანაბარი ძალის მეტოქეებთან გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დახვეწონ სათამაშო სისტემები და 2027 წელს ავსტრალიაში გასამართი მსოფლიო თასის წინ, საუკეთესო გამოცდილება დააგროვონ“.

ახალი იდენტობა, შექმნილი გლობალური მასშტაბისთვის:

2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასის ახალი ლოგო გამოხატავს სპორტის ყველაზე პერსპექტიული ერების ამბიციას, ერთიანობასა და განვითარებისკენ სწრაფვას, როდესაც მათი გზები გლობალურ ასპარეზზე იკვეთება. მსოფლიო რაგბის ფარი 12 მონაწილე გუნდის კონკურენტულ სულისკვეთებას განასახიერებს. თითოეული აღმავალი ხაზი წარმოადგენს ერს, რომელიც მიისწრაფის გაიუმჯობესოს შედეგები, გააძლიეროს საკუთარი იდენტობა და მოიპოვოს ერთა ჩემპიონატში აღზევების შანსი. ეს ნიშანი ასახავს როგორც ტრადიციას, ისე ტრანსფორმაციას და აერთიანებს ტურნირს, რომელიც დაფუძნებულია ზრდაზე, შესაძლებლობებსა და რაგბის მომავალზე.

ყველა მატჩი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი მაუწყებელი პარტნიორების ეთერით ან Rugbypass TV-ის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს გლობალურ ხელმისაწვდომობას გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჰიბრიდული მოდელი მაქსიმალურად ზრდის აუდიტორიის მოცვას, ხელს უწყობს კომერციულ ზრდას და ამყარებს რაგბის ძალისხმევას, უზრუნველყოს უფასო ტრანსლაციები ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბრეტ რობინსონმა განაცხადა: „მსოფლიო რაგბის სადებიუტო ერთა თასი უმნიშვნელოვანესი ეტაპია გლობალური თამაშისთვის. ტურნირი ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს ამ პერსპექტიული გუნდებისთვის, რათა გამოსცადონ საკუთარი ძალები, დააგროვონ გამოცდილება, შთააგონონ გულშემატკივრები როგორც შინ, ისე სტუმრად და გააფართოვონ თავიანთი კომერციული პოტენციალი. ტურნირის პირველი ნახევრის ამერიკის კონტინენტზე ჩატარება ასახავს ამ რეგიონის უზარმაზარ პოტენციალს - დაწყებული სამხრეთამერიკელი ქომაგების უდიდესი ვნებით, დამთავრებული ჩრდილოეთში არსებული გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და სპორტის მიმართ მზარდი ინტერესით. ეს არის ტურნირი, რომელიც შენდება ზრდაზე, კავშირებსა და რწმენაზე, რომ ყველა სარაგბო კავშირს უნდა ჰქონდეს მკაფიო გზა, რათა იასპარეზოს და მიაღწიოს წარმატებას უმაღლეს დონეზე“.

ნოემბრის განრიგი, რომელიც 2026 წლის ერთა თასის მეორე ნახევარს წარმოადგენს და ევროპასა და აზიაში გაიმართება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეს სანაკრებო ფანჯარა დაასრულებს განვითარებადი ერების კონკურენტული მატჩების სრულ წლიურ ციკლს და მათ მისცემს იმავე სტაბილურობასა და ინტენსივობას, რომლითაც ისტორიულად სარგებლობენ ექვსი ერისა და რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები.

2026 წლის ერთა თასის ივლისის კალენდარი

I რაუნდი. 4 ივლისი

ურუგვაი - საქართველო (მონტევიდეო, ურუგვაი, 21:00 საქ. დრო)

სამოა - ჰონკონგი (სანტიაგო, ჩილე)

ჩილე - რუმინეთი (სანტიაგო, ჩილე)

 

ტონგა - ზიმბაბვე (დენვერი, აშშ)

კანადა - ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)

აშშ - პორტუგალია (დენვერი, აშშ)

II რაუნდი. 11 ივლისი

ურუგვაი - რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)

სამოა - საქართველო (ვინია დელ მარი, ჩილე, 23:00 საქ. დრო)

ტონგა - ესპანეთი (ედმონტონი, კანადა)

ჩილე - ჰონკონგი (ვინია დელ მარი, ჩილე)

აშშ - ზიმბაბვე (შარლოტი, აშშ)

კანადა - პორტუგალია (ედმინტონი, კანადა)

III რაუნდი. 18 ივლისი

სამოა - რუმინეთი (მონტევიდეო, ურუგვაი)

ურუგვაი - ჰონკონგი (მონტევიდეო, ურუგვაი)

ტონგა - პორტუგალია (ვინიპეგი, კანადა)

ჩილე - საქართველო (ლა სერინა, ჩილე, 19 ივლისი, 02:00 საქ. დრო)

აშშ - ესპანეთი (კერი, აშშ)

კანადა - ზიმბაბვე (ვინიპეგი, კანადა)

წყარო - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები