1972 წლის 13 ოქტომბერს, ურუგვაის თვითმფრინავი ანდების მთებში ჩამოვარდა..
ბორტზე 40 მგზავრი და 5-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფებოდა..
ზოგი ამას ტრაგედიას უწოდებს..
ზოგიც კი სასწაულს..
რა მოხდა სინამდვილეში? რა ხდება, როცა სამყარო მიგატოვებს?..
როცა არც ტანსაცმელი გაქვს და იყინები..
როცა არც საჭმელი გაქვს და კვდები..
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წარსულში უნდა დავბრუნდეთ..

ურუგვაული ახალგაზრდული, სამოყვარულო მორაგბეთა გუნდი ჩილეში ამხანაგური მატჩის გასამართად გაფრინდა..
გუნდს Old Christians Club ერქვა — კოლეჯთან დაკავშირებული რაგბის კოლექტივი, რომლის ბირთვს სტუდენტები და ყოფილი თანაკლასელები შეადგენდნენ. ისინი მხოლოდ თანაგუნდელები არ იყვნენ. ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ძმები..

ფრენა სამხედრო ჩარტერული რეისით უნდა შესრულებულიყო — Uruguayan Air Force Flight 571. თვითმფრინავში ბევრი თავისუფალი ადგილი იყო. სწორედ ამიტომ მოთამაშეებმა ოჯახის წევრები და მეგობრებიც წაიყვანეს. ეს ფაქტი მოგვიანებით განსაკუთრებულ ტრაგიკულ ელფერს იძენს — რადგან ანდებში მხოლოდ სპორტსმენები არ აღმოჩნდნენ. იქ იყვნენ დედები, დები, ახლობლები..
აეროპორტში იყო სიცილი, ფოტოები, ხუმრობები. არავინ ფიქრობდა, რომ ეს ფოტოები უკანასკნელი იქნებოდა იმ ფორმატში, რომელშიც ისინი ერთად იყვნენ.
ჩილეში, როგორც სპორტსმენები ისე გაფრინდნენ და იქ ადამიანური გამძლეობის სიმბოლოდ იქცნენ..
ეს უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი თავგადასავალი, ახალგაზრდული სიცილით და მატჩის მოლოდინით სავსე ფრენა. მაგრამ რამდენიმე საათში ყველაფერი დასრულდა. ან იქნებ — სწორედ მაშინ დაიწყო..
დაცემა, რომელიც მარადისობად იქცა..
თვითმფრინავი ღრუბლებში მოხვდა. ნავიგაციის არასწორი გათვლა საბედისწერო აღმოჩნდა. პილოტებს ეგონათ, რომ ქედი უკვე გადალახული ჰქონდათ და დაშვება დაიწყეს. სინამდვილეში ისინი ჯერ კიდევ მწვერვალებს შორის იყვნენ.
ანდები შეცდომას არ პატიობს..
შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთმა მორაგბემ იხუმრა, რომ ღვედები შეეკრათ, რათა ანდებში მათი სხეულები არ გაფანტულიყო..
დარტყმის შედეგად, თვითმფრინავს ფრთები მოძვრა, კუდი მოწყდა, კორპუსი ყინულზე დაეშვა და თეთრ, უსასრულო სიცივეში გაიყინა..
პირველივე წუთებში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ზოგი ადგილზე გარდაიცვალა, ზოგი კი მძიმე დაზიანებებით რამდენიმე საათში. გადარჩენილები ვერ ხვდებოდნენ — ცოცხლები იყვნენ თუ უკვე სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ. გარშემო მხოლოდ თოვლი, ქარი და ნამსხვრევები იყო..

სიმაღლე — დაახლოებით 3,600 მეტრი. ტემპერატურა ღამით მინუს ოციდან მინუს ოცდაათ გრადუსამდე ეცემოდა. ჟანგბადი მწირი. საკვები — რამდენიმე შოკოლადი და ღვინის ბოთლი.
გადარჩენილები ღამით ერთმანეთს ეხუტებოდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. ზოგი აგონიაში ჩავარდა და ბოლო ხმაზე დახმარებას ითხოვდა..
ეს არ იყო უბრალოდ ავიაკატასტროფა. ეს იყო ადამიანური ნების გამოცდა..
გუნდი მოედნის გარეშე..
რაგბი გუნდური სპორტია. მოედანზე თითოეულმა მოთამაშემ იცის თავისი როლი. იმ თეთრ უდაბნოში ეს პრინციპი გადარჩენის საფუძვლად იქცა..
ვიღაცებმა დაჭრილებს მოუარეს. ვიღაცამ ნარჩენებიდან თავშესაფარი მოაწყო. სავარძლების ბალიშებით კედლები ჩაამატეს, ფიუზელაჟის ღია ნაწილი ჩახერგეს, რომ ქარს ნაკლებად შეეღწია. ისინი ერთად თოვლს ადნობდნენ, ერთად ითვლიდნენ შოკოლადის ნამცეცებს, ერთად ელოდნენ მაშველების ხმას, რომელიც არ ისმოდა..
დაჭრილებს ახალგაზრდა მედიცინის სტუდენტი რობერტო კანესა უვლიდა. მორალურ ძალას და შეუპოვრობას ხშირად ნანდო პარადო გამოხატავდა, რომელმაც ავარიაში დედა დაკარგა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, და გარდაეცვალა..
მე-7 დღეს, საკვების ყველანაირი მარაგი ამოიწურა. ზოგმა სიგარეტის ჭამაც კი დაიწყო..
მე-10 დღეს კი საშინელი ამბავი გაიგეს.. მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ რადიო, რომელიც მუშაობდა.. ამ რადიომ კი ისეთი ამბავი გამოაცხადა, რომ ისედაც გაყინული სული, კიდევ უფრო მეტად გაეყინათ..
გამოაცხადეს, რომ მათი სამძებრო სამუშაოები შეწყდა..
იმ მომენტში მათ ორი გზა ჰქონდათ:
მოკვდებოდნენ როგორც მსხვერპლები, ან იცხოვრებდნენ როგორც მებრძოლები..
შიმშილი — ყველაზე უხილავი მტერი
მათი ორგანიზმი ენერგიას კარგავდა, სხეული საკუთარ კუნთს წვავდა, გონება ბნელდებოდა, სიცივე ძვლებში აღწევდა..
არჩევანი აღარ არსებობდა..
ეს არის ის ნაწილი, რომელსაც ადამიანები ხშირად ჩურჩულით ყვებიან — ან საერთოდ არ ყვებიან. გარდაცვლილთა სხეულები გახდა ერთადერთი ენერგიის წყარო. გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღიათ. იყო კამათი, იყო ცრემლები, იყო ლოცვა. ისინი ღრმად მორწმუნე ახალგაზრდები იყვნენ..
მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ასე ჟღერდა:
ან ყველა მოკვდებოდა..
ან ზოგიერთი იცოცხლებდა..

ისინი არ იქცნენ მონსტრებად. ისინი დარჩნენ მეგობრებად, რომლებიც ერთმანეთის სიცოცხლეს იცავდნენ — თუნდაც ამისთვის ყველაზე მძიმე ზღვარი გადაელახათ.. მათ გარდაცვლილი სხეულების ჭამა დაიწყეს..
დარტყმის შედეგად, თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა. კუდი სხვა მხარეს ჩამოვარდა, წინა ნაწილი კი სხვაგან..
3 მათგანი კუდის საძებნელად წავიდა, რომ რაციისთვის ელემენტები მოეპოვებინათ, თუმცა გზაში, რა თქმა უნდა, დააღამდათ და კინაღამ მოკვდნენ. მზის ამოსვლისას, მთლიანად თოვლით იყვნენ დაფარულნი.
ზვავი
რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთ-ერთ ღამეს, როცა ყველა დასაძინებლად ემზადებოდა, გადარჩენილებმა საშინელი ხმა გაიგეს, თუმცა სიბნელეში არაფერი ჩანდა..
უცებ ზვავმა თვითმფრინავის კორპუსი დაფარა. რამდენიმე ადამიანი ადგილზე დაიღუპა. გადარჩენილები ნახევრად დამარხულები იყვნენ. მხოლოდ 3 ადამიანი გადაურჩა თოვლით დაფარვას, რომლებმაც დანარჩენები ამოთხარეს და უმეტესი ნაწილი გადაარჩინეს..
ეს იყო ფსიქოლოგიური გატეხვის ზღვარი. მაგრამ ისევ — გუნდი. ისევ ერთმანეთისთვის ბრძოლა..
36-ე დღეს, 4-კაციანი ექსპედიცია არგენტინისკენ დაიძრა, მაგრამ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, უკან დაბრუნდნენ. მიხვდნენ, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო..
ნელ-ნელა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ირგვლივ, ჩონჩხები მომრავლდა.. ისინი ხომ ადამიანების ხორცს ჭამდნენ და ესეც კი მთავრდებოდა..
ანდების გადაკვეთა — შეუძლებელი მისია
საბოლოოდ გადაწყდა, რომ დახმარება თავად უნდა მოეძებნათ. ჩამოვარდნიდან, 61-ე დღეს, პარადო და კანესა დასავლეთისკენ გაემართნენ. მათ წინასწარ დაამზადეს საძილე ტომრები..
ყინული, კლდეები, სიმაღლე, რომელიც სუნთქვას გართმევს.. ყოველ ნაბიჯზე სიკვდილის საფრთხე..
როდესაც, ერთ-ერთი მწვერვალის გადალახვის შემდეგ, მათ წინ ჰორიზონტზე მწვანე ველი გამოჩნდა, ეს იმედის პირველი ნაპერწკალი იყო 70 დღის შემდეგ..
მოულოდნელად, მათ ჩილელი მწყემსი სერხიო კატალანი შეხვდათ.. სწორედ მასთან შეხვედრამ გადაარჩინა დანარჩენები.. პირველ ღამეს, რა თქმა უნდა, კატალანმა ისინი თავის სახლში შეიფარა და შემდეგ შესაბამის სამსახურებს ამ ამბის შესახებ შეატყობინა..
23 დეკემბერს, ანდებიდან 16 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს..

მსოფლიო, რომელიც შოკში იყო
როცა გაირკვა, როგორ გადარჩნენ, საზოგადოება შოკში ჩავარდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ისტორია იქცა არა სკანდალად, არამედ სიმბოლოდ..
დაიწერა წიგნი, სახელად - Alive
გადაიღეს რამდენიმე ფილმი..
მაგრამ ეკრანზე ნაჩვენები ვერასოდეს აღწერს იმ სიცივეს, იმ შიმშილს, იმ სიჩუმეს, რომელსაც ისინი გრძნობდნენ..
ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში?
ისინი არ იყვნენ სუპერგმირები..
ისინი იყვნენ სტუდენტები, მეგობრები, შვილები. ახალგაზრდები, რომლებიც თამაშობდნენ რაგბს და ოცნებობდნენ მომავალზე. მათ უყვარდათ მუსიკა, მეგობრობა, ცხოვრება..
ანდებში მათ დაკარგეს ბავშვობა. დაკარგეს უდანაშაულობა, მაგრამ შეინარჩუნეს ერთმანეთი..
სპორტის ყველაზე დიდი გამარჯვება
სპორტში გამარჯვება ქულებით იზომება. ანდებში გამარჯვება სუნთქვით იზომებოდა.
ეს ისტორია გვახსენებს, რომ გუნდი მხოლოდ ტაქტიკა და ფიზიკური ძალა არ არის. გუნდი არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის სიცოცხლეზე..
72 დღის განმავლობაში, თეთრ ჯოჯოხეთში, მათ დაამტკიცეს, რომ ადამიანის ზღვარი ბევრად შორს არის, ვიდრე გვგონია..
და როცა დღეს სპორტზე ვწერთ, რეკორდებზე, ფინალებზე, დრამატულ მატჩებზე — უნდა გვახსოვდეს:
ყველაზე დიდი გამარჯვება მოედანზე კი არა, ანდების თოვლში მოხდა..
სადაც რაგბის გუნდმა სიკვდილთან ითამაშა და გაიმარჯვა..
გაზეთებში დიდი ხნის განმავლობაში ანდებში გადარჩენილ ხალხზე წერდნენ..
მათზე, ვინც სიკვდილს გადაურჩა და ოჯახში დაბრუნდა..
მამებთან..
დედებთან..
შეყვარებულებთან..
შვილებთან..
ეს იყო გამარჯვება, რომელსაც დრო ვერ წაშლის..