„მსგავსი პერიოდი ილიას და ხამზატსაც ჰქონია“ - ანიკმა მახაჩევი დაიცვა
უკანასკნელ პერიოდში ისლამ მახაჩევის მისამართით ბევრი კრიტიკული შენიშვნა ისმის. გულშემატკივრები და შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები განსაკუთრებით დაღესტნელი ჩემპიონის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის ბოლო განცხადებამ დააბნია, რომელმაც თქვა, რომ ისლამს ბრძოლას მალე ჩაუნიშნავენ, მაშინ როდესაც დენა უაითმა აღნიშნა, რომ მახაჩევი ხელის ტრავმას მკურნალობს.
ამ ყველაფერს თან დაერთო ილია თოფურიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსი სოციალურ ქსელში, სადაც ის წერდა, რომ ისლამი მას კიდევ ერთხელ გაექცა და ამჯერად ამის საფასურს ჯასტინ გეიჯი გადაიხდის. თოფურია-მახაჩევის შესაძლო ბრძოლის ჩაშლასთან დაკავშირებით კომენტარი UFC-ის ამერიკელმა კომენტატორმა ჯონ ანიკმა გააკეთა და მახაჩევის დაცვა საკუთარ თავზე აიღო.
რას ამბობს ანიკი
მგონი ისლამზე ზედმეტად მკაცრად საუბრობენ და ავიწყდებათ, რომ საქმე P4P-ის რეიტინგის ლიდერს ეხება. მახაჩევთან კომუნიკაცია რამდენჯერმე მქონდა და ყველა შემთხვევაში მან ჩემზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ისლამი საზრიანი და გულწრფელი ადამიანია, რომელიც მისი მიღწევებიდან და სტატუსიდან გამომდინარე, გაცილებით ლმობიერ მოპყრობას იმსახურებს. ასეთი ხანგრძლივი და შეიძლება უფრო დიდი უმოქმედობის პერიოდი ილია თოფურიას და ხამზატ ჩიმაევსაც ჰქონიათ, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი ოქტაგონში ბოლოს ნოემბერში შევიდა და ქვესაშუალო დივიზიონში ჯეკ დელა მადალენას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ, UFC-ის ორი წონის ჩემპიონი გახდა.