იტალია, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები, ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მუნდიალი 2026: კოსოვოს სამაგალითო გამარჯვება და სხვა - ფინალისტები ცნობილია

26 მარტს, ევროზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფების ნახევარფინალები გაიმართა და ყველა ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.

პირველი გამარჯვება თურქეთმა მოიპოვა, რომელმაც შინ რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო. არდა გიულერის ჩაწოდების შემდეგ, ფერდი კადიოღლუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და თავის ქვეყანას 24-წლიანი პაუზის შემდეგ, მუნდიალზე მოხვედრის შანსი მისცა.

თურქების მეტოქე ფინალში კოსოვო იქნება, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრად სლოვაკეთს 4:3 მოუგო.

მასპინძლებმა ტაიმი 2:1 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრის პირველ ნაწილში კოსოვომ სამი ბურთი გაიტანა და სლოვაკებმა მხოლოდ 94-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს, რაც საკმარისი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ კოსოვოს ნაკრების უდაო ლიდერს ვედატ მურიქის არც ერთი გოლი არ გაუტანია. ეს ფაქტი მათ გუნდურ თამაშს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს და ზოგადად, კოსოვოსა და ალბანეთის ნაკრებების მუშაობა საქართველოსთვის მაგალითი უნდა იყოს, რომელთაგან ბევრი რაღაცის გადმოღება არის შესაძლებელი...

31 მარტი: კოსოვო - თურქეთი

უკრაინამ, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე თამაშობს, შვედეთის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

შვედებმა გიოკერეშის ჰეთ-თრიკით მოიგეს, რასაც უკრაინელების მხრიდან 90-ე წუთზე პონომარენკოს პრესტიჟის გოლი მოჰყვა.

შვედები ფინალში პოლონელებს დაუპირისპირდებიან, მატჩი სტოკჰოლმში შედგება და მათთვის შურისძიების კარგი შანსი იქნება, რადგან 2024 წლის პლეი-ოფში ისინი სწორედ პოლონეთთან დამარცხდნენ.

პოლონეთმა შინ ალბანეთთან დრამატული ბრძოლა მოიგო - 2:1. სტუმრებმა საწყისი ერთი საათი კარგად ჩაატარეს და 1:0-საც იგებდნენ, თუმცა შემდეგ რობერტ ლევანდოვსკისა და პიოტრ ჟელინსკის გოლებით მასპინძლებმა შეხვედრის დატრიალება შეძლეს.

31 მარტი: შვედეთი - პოლონეთი

თავისი მატჩი მოიგო ჯენარო გატუზოს იტალიამაც, რომელმაც შინ ჩრდ ირლანდიას 2:0 სძლია. მატჩის გმირი სანდრო ტონალი იყო, რომელმაც ანგარიში გახსნა, შემდეგ კი მოიზე კინს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„სკუადრა აძურა“ ფინალში ბოსნიას დაუპირისპირდება, რომელმაც უელსს ტუმრად 1:1 ეთამაშა და პენალტების სერიაში 4:2 აჯობა.

31 მარტი: ბოსნია - იტალია

ერთა ლიგიდან საქართველოს ნაცვლად გასულმა ჩეხეთმა შინ ირლანდიას უმასპინძლა და 0:2-დან გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ კი ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ჩეხებმა უკეთ დაარტყეს და 4:3 მოიგეს.

ჩეხები ფინალს ასევე შინ ჩაატარებენ და მათი მეტოქე დანია იქნება, რომელმაც შინ ჩრდ მაკედონიას დამაჯერებლად 4:0 მოუგო და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

31 მარტი: ჩეხეთი - დანია

სამშაბათს, პლეი-ოფის ოთხივე ფინალური მატჩი ერთ დროს 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები