„გეიჯის შანსი დაბალია, მაგრამ ძალიან სახიფათოა“ | ქუთათელაძე ილიას მომდევნო ჩხუბზე
გურამ ქუთათელაძემ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „ელ მატადორი“ ივნისში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და „ქართველი ვიკინგის“ აზრით, ამერიკელი მებრძოლის ჩამოწერა არ შეიძლება.
„ამ მომენტისთვის გეიჯის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მისი ჩამოწერა არ შეიძლება. შანსი ყოველთვის არსებობს. გეიჯი ძალიან სახიფათო და მაღალი დონის მებრძოლია. ფეხებით და ხელებით კარგად მუშაობს და დროებითი ჩემპიონია, რაც ყველაფერზე კარგად მეტყველებს. ვფიქრობ, ორთაბრძოლა სრულად არ ჩატარდება.
მახაჩევისა და ილიას პოტენციური ჩხუბი? ეს ორთაბრძოლა აქტუალური დიდხანს იქნება და ორივე მებრძოლი დიდ ჰონორარს იმსახურებს. ეს MMA-ის ისტორიაში უდიდესი ორთაბრძოლა იქნება — ხაბიბისა და კონორის ჩხუბზე უფრო დიდი. ასეთი ბრძოლა ჯერ არ ყოფილა. გრანდიოზული დაპირისპირებაა და ორგანიზაციამ სოლიდური თანხა უნდა გაიღოს, რათა ის ვიხილოთ.“
ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრ სახლში“ გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორის“ ჩხუბს თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.