მეტოქემ ჩხუბის გაგრძელებაზე უარი თქვა | ქუთათელაძის გამარჯვება Karate Combat-ში
გურამ ქუთათელაძემ Karate Combat-ის ფარგლებში იჩხუბა. „ქართველი ვიკინგი“ კადირ დალკირანს დაუპირისპირდა და თურქი მებრძოლი დაამარცხა. ქუთათელაძემ რინგზე მხოლოდ ერთი რაუნდი გაატარა და დომინანტურად გაიმარჯვა.
გურამი უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიაყენა. პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ დალკირანმა ჩხუბის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა, რომელიც მან ხელზე, ქუთათელაძის დარტყმების შედეგად მიიღო.
„მინდა, Karate Combat-ს მადლობა გადავუხადო, რათა ჩხუბის საშუალება მომცეს. ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. ვიცი, რომ მაიამიში ღონისძიება აქვთ და დაველოდოთ. მიზნებისკენ მინდა სვლის გაგრძელება და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ვცდილობ, აქტიური ვიყო და მადლობა შანსისთვის“, - განაცხადა ქუთათელაძემ.
ცნობისთვის, „ქართველმა ვიკინგმა“ ბოლოს 2025 წლის ოქტომბერში იჩხუბა და ACA 194-ის ფარგლებში ვიქტორ ჰიუგო ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.