ალეგრის მაგია - 4 წუთში მოგებული თამაში
Aa
Aa

ალეგრის მაგია - 4 წუთში მოგებული თამაში

“ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება მერვედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ყველაფერი “უემბლიზე” გადაწყდა და ეს მატჩი რამდენიმე გამორჩეულ ფაზად დაიყო.

პირველი ფაზა: პოჩეტინოს უპირატესობა

თამაში ორივე გუნდმა წინასწარ პროგნოზირებადი სისტემით დაიწყო. მასპინძლებმა ჩვეული 4-2-3-1 სქემა აირჩიეს. კარში უგო ლორისი იდგა. დაცვის ოთხეულში დისკვალიფიცირებულ სერჟ ორიეს კირან ტრიპიერი ცვლიდა, ასევე თამაშობდნენ დავინსონ სანჩესი, იან ვერტონგენი და ბენ დევისი. ერიკ დაიერი და მუსა დემბელე საყრდენებად იდგნენ. ერიკ ლამელა ძირითად შემადგენლობაში ჰონ-მინ სონმა ჩაანაცვლა, რომელთან ერთადაც დელე ალი და კრისტიან ერიკსენი ეხმარებოდნენ ჰარი კეინს. კეინი, ტრადიციულად, ბევრს მოძრაობდა და “ტოტენჰემის” ფეხბურთელები თავიანთი მოკლე პასებითა და სწრაფი გადაადგილებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. 

“იუვენტუსის” კარში ცხადია, ჯანლუიჯი ბუფონი იდგა. ჯიჯის წინ ანდრეა ბარძალი, მეჰდი ბენატია და ჯორჯო კიელინი იყვნენ განლაგებულნი. ალექს სანდრო მარცხენა ფლანგზე იყო მცველებსა და შემტევებს შორის. მარჯვენა ფრთაზე კი დუგლას კოსტა იდგა და შესაძლებლობის შემთხვევაში თვალი უფრო შეტევაზე ეჭირა. მირალემ პიანიჩი სიღრმიდან მოქმედებდა და ბლეზ მატუიდისა და სამი ხედირასთან ერთად ცენტრში ფუსფუსებდა. ხოლო პაულო დიბალა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის, გონსალო იგუაინის უკან მოქმედებდა.

დასაწყისში ორივე გუნდი, მეტოქის საჯარიმოსთან მჭიდროდ თამაშსა და პრესინგს ცდილობდა, რამაც გრძელი გადაცემების სიმრავლე გამოიწვია. “ტოტენჰემს” უყვარს სწრაფ გოლზე თამაში და ისევე როგორც “მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგაში, აქაც სცადა ამ სტილით მალევე გაეტანა. პოჩეტინოს გუნდის მიზანი გახლდათ ისიც, რომ რაც შეიძლება მალე მოეპოვებინა ტერიტორიული უპირატესობა და თამაში მთლიანად მეტოქის ნახევარზე გადაეტანა.

“იუვენტუსი” ცდილობდა მეტოქისთვის დიდი სივრცე არ დაეტოვებინა და როგორც წესი, კაცი-კაცზე დაცვას მიმართავდა. დიბალა და იგუაინი უკან ჩამოდიოდნენ და ნახევარმცველებს ეხმარებოდნენ. ტურინელები ხშირად პირველი პასის გაკეთების უფლებას მეტოქეს აძლევდნენ, მაგრამ მერე ფიქრობდნენ ყველას თავისი მოთამაშე აეყვანა და “დეზებისთვის” კომბინაციების თავისუფლად გათამაშების საშუალება არ მიეცათ. დუგლას კოსტა დევისთან ახლოს რჩებოდა, რომ უელსელი შეტევაში თავისუფლად ვერ ჩართულიყო.

ხედირა დემბელეს დასდევდა, ხოლო მატუიდი - დაიერს. ბენატია და კიელინი კი ცდილობდნენ სხარტი კეინი რიცხობრივი უპირატესობით გაეჩერებინათ.

ამან გამოიწვია ის, რომ ანდრეა ბარძალი პირისპირ შერჩა სონს. კორეელი ძალიან აქტიურად უტევდა და გამწვავებას ცდილობდა. მას ბარძალისთან ერთი გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდა - სისწრაფე. ამან ბევრი სახიფათო მომენტი გამოიწვია, რადგან 36 წლის ვეტერანს სონის წინააღმდეგ უჭირდა. დუგლას კოსტა მას მხოლოდ იმ შემთხვევებში ეხმარებოდა, როდესაც “იუვე” მთელი გუნდით ნახევარზე იყო და ჩამოსვლას ასწრებდა. სხვა შემთხვევებში ბრაზილიელი ბარძალისგან მოშორებით გახლდათ და თავის სხვა საქმესა და დავალებას ასრულებდა. 

ხშირად ცარიელი რჩებოდა “იუვენტუსის” 6 ნომრის პოზიციაც. რაც “ტოტენჰემს” გადმოვარდნილ ბურთებზე და კეინისკენ გაკეთებული და ჩაჭრილი პასებისას უპირატესობას აძლევდა და ბურთის იქვე დაბრუნების შანსს უზრდიდა. პიანიჩი ალის დასდევდა და ბევრი საქმე ჰქონდა. ყურადღება სჭირდებოდა ერიკსენსაც. კიელინი ზოგჯერ ცენტრში აწევას და სივრცის შევსებას ახერხებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი გახლდათ, როდესაც კეინზე კეთდებოდა პასი, რადგან ჯორჯო ბენატიას უნდა მიხმარებოდა. კეინი უფრო ხსირად ბენატიასკენ ცდილობდა აწევას და ასევე მარჯვენა ფლანგზე გადიოდა, ალექს სანდროს ზურგს უკან. კიელინიც მას უნდა გაჰყოლოდა.

ალექს სანდრო მხოლოდ ერიკსენის აყვანაზე ვერ იფიქრებდა, რადგან მის ფლანგზე ტრიპიერი იყო, და ამ მეტოქეზეც უნდა ეზრუნა. მას მხოლოდ იშვიათად გამოსდიოდა ცენტრში შემოწევა, ხოლო მატუიდი დაიერს დასდევდა და კლასიკური მე-6 ნომრის ფუნქციების შეთავსების დიდი დრო და საშუალება არც “პარი სენ ჟერმენის” ყოფილ მოთამაშეს ჰქონდა.

ტრიპიერის შედარებით უმეთვალყურეოდ დატოვება, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ იყო. ლონდონელთა მარჯვენა მცველამდე ბურთის მიტანა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მაღალი, გრძელი გადაცემებით ხერხდებოდა და სანამ ბურთი ჰაერში იყო, ტურინელებს დრო ჰქონდათ მისთვის სივრცე შეეზღუდათ. ხოლო როდესაც კირანი უკან იღებდა ბურთს მოკლე პასით, გასავლელი ბევრი ჰქონდა და ასეთ შემთხვევაშიც ძნელი გახლდათ მას “ბებერი ქალბატონისთვის” საფრთხე შეექმნა. 

გამონაკლისი იყო ეპიზოდები, როდესაც ერიკსენი ახერხებდა აქტიურობას, თუნდაც სიღმეში ჩასვლას და ყველაფრის იქიდან დაწყებას. ასეთ დროს ერთგვარი პერსონალური მეურვეობა ირღვეოდა და ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა: მატუიდის ტრიპიერისკენ უწევდა გადასვლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პიანიჩი ერიკსენს უნდა გაკიდებოდა. ამ დროს ერიკსენი წინ ადიოდა. ხედირას დემბელე ჰყავდა დასაცავი და ჩნდებოდა სივრცე.

სანჩესს შანსი ეძლეოდა ზონებს შორის პასები გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი და ერთი პასით ხიფათის შექმნა ჭირდა, “ტოტენჰემი” თავის დინამიურობითა და სწრაფი გადაადგილებით მაინც ახერხებდა შანსების პოვნას. ერიკსენი უმალვე წინ ადიოდა და მას კეინი ეგებებოდა. პარალელურად, ფლანგიდან შეტევაში ერთვებოდა ტრიპიერი და როგორც წესი, ალისგან პასს ელოდა.

ზუსტად ტრიპიერის ერთ-ერთ ასეთ ჩართვას მოჰყვა პასი შორეული ძელისკენ, სადაც ბურთს სონი დაუხვდა, ბარძალი ჯერ ისევ ცენტრში იყო, გადასვლა ვერ მოასწრო და კორეელმა ანგარიში გახსნა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “დეზებმა” თავიანთი სისწრაფე და სიმძლავრე გამოიყენეს და მომენტი შექმნეს. ისინი ასევე ცდილობდნენ საჯარიმოს მისადგომების ოკუპაცია მოეხდინათ და გადმოვარდნილ ბურთებზე, დამატებაზე პირველები ყოფილიყვნენ. ასე ხდებოდა შორეული დარტყმების შემდეგაც, რისი ოსტატიც მაგალითად ერიკსენია.

“ტოტენჰემი” თავადაც პერსონალურ მეურვეობას იყენებდა, რომელიც ხშირად კოლექტიურ პრესინგსა და გუნდურ ბურთის ართმევაში გადადის. პოჩეტინოს უყვარს, როდესაც მისი ფეხბურთელები მეტოქეებთან ძალიან ახლოს არიან ხოლმე და მოწინააღმდეგე ბურთს მიიღებს თუ არა, აგრესიულად აწუხებენ მას. ასეთ დროს, კონკრეტული მოწინააღმდეგის პერსონალურ მეურვეს თანაგუნდელებიც ეხმარებიან და თავიანთ კაცთან გაყინულები არ რჩებიან.

როდესაც “იუვენტუსი” დაცვაში ცდილობდა ბურთის გათამაშებას, სონი უმალვე ადიოდა ბარძალიზე. კეინი კი საპირისპირო ფრთაზე გვთავაზობდა პრესინგს. “იუვე” უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ხშირად ვარდებოდა და რამის მოფიქრება უწევდა. როგორც კი ბარძალი ოდნავ წინ აიწევდა, სონიც მას აედევნებოდა. პოჩეტინოს მობილური 4-2-3-1 ამართლებდა.

ბარძალის რჩებოდა ვარიანტი ეთამაშა გრძელი პასით დუგლასზე, მაგრამ ასეთ დროს დევისსა და მის თანაგუნდელებს ჰქონდათ დრო, რომ პოზიციურად შესაბამისად განლაგებულიყვნენ და მეტოქეს მომზადებული დახვედროდნენ. მართალია, ბრაზილიელის მონაცემების შესახებ მოგვეხსენება და დრიბლინგი მას შესანიშნავად ეხერხება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგი უბრალოდ ისეთ რიცხობრივ უმცირესობაში რჩებოდა, რომ არაფრის შანსი აღარ ჰქონდა.

მეორე ფაზა: 4-2-3-1 გზა გამარჯვებისკენ

ნელ-ნელა მასპინძლების სისტემის სუსტმა წერტილებმაც იჩინა თავი. მათი თამაში ადვილი გასაშიფრი იყო - ძალიან აქტიური და აგრესიული პრესინგი. ბურთიან მეტოქესთან უმალვე მივარდნა, რომ მას გაგრძელების მოსაძებნად დიდი დრო არ ჰქონოდა. “დეზები” ყველაფერს კარგად აკეთებდნენ, მაგრამ შეუძლებელია 90 წუთი ამ რეჟიმში ითამაშო. “ტოტენჰემსაც” დაღლა დაეტყო და შედარებით პასიური გახდა. პრესინგიც ისეთი მჭიდრო ვეღარ გახლდათ და მეტოქის საჯარიმოდან ცოტათი უკან ჩამოინაცვლა.

პატარა ტაქტიკური ხრიკების ხარჯზე “იუვემ” ერთი-ორი კარგი შეტევის განხორციელების შანსიც მიიღო. პირველ რიგში სახსენებელია ფლანგების “გადატვირთვა”. დიბალა და ხედირა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადადიოდნენ ხოლმე მარჯვენა ფრთისკენ, დუგლას კოსტა კი ცენტრისკენ დიაგონალურად შემოდიოდა. დევისი მას მიჰყვებოდა, ხოლო ტურინელებს იმ ზონაში ერთი თავისუფალი მოთამაშე რჩებოდათ. 

საპირისპირო ფლანგზე ალექს სანდრო და მატუიდი ცდილობდნენ ყირადღების მიპყრობას და დიბალა შეძლებისდაგვარად მათაც ეხმარებოდა. ამ ყველაფრის მიზანი გახლდათ მომენტის მოძებნა, რომ იგუაინზე პასი გაკეთებულიყო და დუგლას კოსტას იზოლირება, რათა ბრაზილიელს სივრცე დარჩენოდა.

დროის გასვლასთან ერთად, “იუვენტუსის” ფარული მცდელობები უფრო სახიფათო ხდებოდა. “ტოტენჰემის” ნახევარდაცვა ისეთი ჰარმონიული ვეღარ იყო. ალი იძულებული გახდა ყურადღება პიანჩზე გადაეტანა. მატუიდიმ უფრო აქტიურად დაიწყო შეტევაში ჩართვა. ხოლო ხედირა სიღრმეში დარჩა და მხოლოდ ჩაწოდებების დროს ადიოდა მეტოქის საჯარიმოს ხაზთან. 

“იუვენტუსმა” უფრო და უფრო ხშირად დაიწყო დუგლას კოსტას შედარებით უკან გამოხმობა და ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე ზრუნვა. ფურცელზე სისტემა 4-4-1-1-ს ან 4-4-2-ს ჰგავდა, მაგრამ საქმეში და რეალურად 4-2-3-1-ის მსგავსი იყო. სქემის შეცვლას ფეხბურთელების შეცვლაც მოჰყვა. მატუიდის ნაცვლად მე-60 წუთზე მინდორზე კვადვო ასამოა შემოვიდა. ამან ალექს სანდრო ფაქტობრივად შემტევ ნახევარმცველად აქცია, იგი ინსაიდ-ვინგერად გარდაიქმნა. სანდრო ცენტრში შეიწია და სხვაგვარად ათამაშდა.

61-ე წუთზე ბენატია სტეფან ლიხტშტაინერმა ჩაანაცვლა. ბარძალი ცენტრალურ მცველად დადგა, ხოლო ლიხტშტაინერი ფლანგის შემტევ უკანახაზელად, თავის პოზიციაზე. ამან სონსაც შეუზღუდა თავისუფლება. “იუვეს” სქემა კი გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა - ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურადაც დიბალა მოგვევლინა. ტურინელთა ათიანმა ორივე ფლანგისკენ დაიწყო გადანაცვლება ზედმეტობის შექმნის მიზნით, ის ყველგან იყო. იგუაინი ცენტრალურ მცველებს შერჩა, “ტოტენჰემის” ფლანგის მცველებს კი დაზღვევაზე თამაშისთვის აღარ ეცალათ, რადგან თავიან ფრთებზე ჰქონდათ საქმე. 

გამთანაბრებელი გოლიც მარჯვენა ფლანგზე ერთ-ერთ ასეთ “გადატვირთვას” მოჰყვა. ხოლო მეორე გოლი “იუვემ” მას მერე გაიტანა, რაც მარცხენა ფლანგზე “შექმნა ზედმეტი”. ბურთი კიელინის დარჩა, მან იგუაინს მიუგორა, ხოლო გონსალომ შესანიშნავი პასით მოჭრა მეტოქის დაცვა და დიბალა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. დიბალა მცველებს გაექცა და მათ ზურგს უკან შეიპარა. “ტოტენჰემს” ასეთ სირუაციებში პირველ ტაიმში უკეთ გამოსდიოდა თავის დაცვა, მაგრამ არც “იუვე” გამოირჩეოდა მსგავსი შეტევების სიმრავლით. 

ფინალური ფაზა: საბოლოო აკორდი

ჩამორჩენის შემდეგ “ტოტენჰემი” უმალვე ვა-ბანკზე არ გადასულა, როგორც ბევრს შეიძლება ეფიქრა. “იუვენტუსმა” კი უკან დაიხია და საკუთარ საჯარიმოსთან განლაგდა. ტურინელები 4-4-1-1-ზე გადაეწყვნენ, ხოლო მას შემდეგ რაც სტეფანო სტურარო შემოვიდა, ტაქტიკა 4-1-4-1 ან შეიძლება ითქვას 4-5-1 იყო.

“დეზებმა” თამაშის დალაგება და ხელახლა აწყობა სცადეს. ერიკსენი სიღრმეში ჩადიოდა, რომ ბურთი ამოეტანა და გუნდის შეტევა დაეწყო. დაიერის გასვლის შემდეგ, დემბელე და ერიკსენი ცენტრში დარჩნენ, ლამელა შეტევაში აქტიურობისთვის შემოვიდა და ფლანგებიც გააქტიურდნენ.

ლონდონელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაწოდებების რაოდენობა გაეზარდათ. ამას კიდევ უფრო დიდი აზრი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ალის ნაცვლად “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე შემოვიდა და კეინს შეუწყვილდა. თანაც ეს ჩაწოდებები მაქსიმალურად გააზრებული კომბინაციების შემდეგ ხორციელდებოდა, მაგალითად შორეულ ძელთან თავისუფალი სივრცის შექმნის შემდეგ და ეს არ იყო ბურთის უბრალო დაკიდებები. მიუხედავად ამისა, “ტოტენჰემის” მცდელობები საკმარისი არ გამოდგა გვიანი გოლის გასატანად, ტურინელებმა თავი დაიცვეს.

ინგლისური გუნდის დომინაცია და უპირატესობა ცოტა არ იყოს მოჩვენებითი გამოდგა, როგორც ზოგადად, ასევე შედეგის მხრივ. არ გამართლდა არც ის მოლოდინი, რომ ამ მატჩებში ბევრი გოლი არ გავიდოდა (გავიხსენოთ პირველ შეხვედრაში გაფუჭებული პენალტიც და ორივე მატჩში შექმნილი სხვა საგოლე მომენტები). საბოლოო ჯამში, “იუვენტუსის” გასვლა სავსებით დამსახურებული იყო, რადგან ზოგჯერ პერიოდული აფეთქებები, ბურთის ფლობა, რაოდენობრივად მეტი მომენტი და რამდენიმე შორეული დარტყმა საკმარისი არ არის და რეალურად იმაზე ნაკლებად სახიფათოა, რამდენადაც ერთი შეხედვით ჩანს და რამდენადაც ეფექტს ახდენს. იტალიურმა გუნდმა კი ნაკლები მომენტი შექმნა, მარამ უფრო ხარისხიანი და მაღალი კლასის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაქტიკოსმა მასიმილიანო ალეგრიმ შთამბეჭდავად მოუგო სტრატეგ მაურისიო პოჩეტინოს. არგენტინელის თავდაპირველი გეგმა და ეგრეთ წოდებული “Plan A” თითქმის სრულყოფილად მუშაობდა შესვენებამდე. იქამდე, სანამ მისი ვიზავი, რომლის თავდაპირველი სისტემა იდეალური არ გახლდათ, თამაშში ისეთ ცვლილებებს არ შეიტანდა, რომელიც მატჩზე გარდამტეხ-გადამწყვეტ გავლენას არ მოახდენდა.

უნდა ეთამაშა თუ არა მაქს ალეგრის თავიდანვე 4-2-3-1-ით? უნდა ჰქონოდა თუ არა პაულო დიბალას თავიდანვე მეტი თავისუფლება? ძნელი სათქმელია, გაჭირდებოდა, რადგან საწყის წუთებში თამაშიც ცოტა სხვაგვარი იყო, და ამ შემთხვევაში ამ ცვლილებებით ტკბობის შანსიც დაიკარგებოდა.

ამას “სამწვრთნელო ხელოვნება” ჰქვია, რომელიც მრავალმხრივია და მათ შორის, მატჩის დროს თამაშის წაკითხვის უნარს მოიცავს. ის რაც თავიდან უაზრობად შეიძლება მოგეჩვენოს, კონკრეტულ მომენტში შესაძლოა გამარჯვების მომტანი გამოდგეს. მთავარია, ეს მომენტი იგრძნო და ნაბიჯი  შესაბამის დროს გადადგა, გარისკო, საკუთარ საწყის გეგმაზე უარი თქვა…  ასეთი დეტალების შემჩნევა კი ადვილი არ არის და სწორედ ეს განასხვავებს პროფესიონალს მოყვარულისგან. ძალიან კარგად მომზადებული და ნიჭიერი სპეციალისტის წინააღმდეგ ჭიდილში, მასიმილიანო ალეგრიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად საფეხბურთო სამყაროში იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, მრავალმხრივი და ძლიერი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები