მამარდას ორი ბრწყინვალე რეაქცია | ლივერპული გალასთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გალათასარაიმ შინ ლივერპული 1:0 დაამარცხა. ალისონის ტრავმის გამო ლივერპულის სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი იყო. შესაძლოა, საპასუხო მატჩშიც ქართველმა ითამაშოს, თუ ბრაზილიელი მწყობრში ჩადგომას ვერ მოასწრებს.
გალამ მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, კუთხურისას ვიქტორ ოსიმენმა საჰაერო ბრძოლა მოიგო, მისი პასის შემდეგ გაბონელმა მარიო ლემინამ ახლო მანძილიდან გაიტანა. მამარდაშვილი უშანსოდ იყო, ქართველ მეკარეს გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ.
გაშვებული გოლის შემდეგ 2 რთული დარტყმა მოიგერია. კარგ მატჩს ატარებს, საიმედოა. 21-ე წუთზე ნოა ლანგის ჩაწოდებისას ბურთი მასთან ახლოს დაეცა, მარტივად მოსაგერიებელი არ იყო. 24-ე წუთზე კოლუმბიელი დევინსონ სანჩესის თავურისას კარგი რეაქცია გამოავლინა. პირველი ტაიმიდან ეს ორი მომენტია გამოსარჩევი. მეორე ტაიმში ოსიმენმა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და მამარდამ მოიგერია. ასევე, კუთხურისას კარგად გამოვიდა და ბურთი მოიგერია.
საპასუხო მატჩი ენფილდზე ერთ კვირაში, შემდეგი კვირის ოთხშაბათის საღამოს გაიმართება.
მამარდაშვილის დებიუტი მერსისაიდულ კლუბში ჩემპიონთა ლიგაზე, გალათასარაისთან გასვლით მატჩში შედგა. მაშინ მამარდა ცვლილებაზე, 1:0-ზე გამოვიდა, გოლი არ გაუშვა. შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე აინტრახტთან, რეალთან და პსვ-სთან ითამაშა.
ჩემპიონთა ლიგაზე 5-დან ორ მატჩში კარი მშრალად შეინახა, სადებიუტო მატჩში გალასთან და შემდეგ ენფილდზე მადრიდის რეალთან.
ჩემპიონთა ლიგის გარდა პრემიერ ლიგის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 მშრალი კარი). ასევე, ასოციაციის თასსა და კარაბაოს თასზე თითო-თითო შეხვედრა ჩაატარა.