ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ოთხიდან სამი უნაკლო ნახტომი - ეგაძემ ათეულში დაასრულა

ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრწყინვალე პერფომანსით დაასრულა. 23 წლის ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 175,16 ქულა დააგროვა, რაც მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. სამწუხაროდ, მოკლე პროგრამაში ნაჩვენებმა ცუდმა შედეგმა ქართველ სპორტსმენს მედლისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა, თუმცა საბოლოო ჯამში ათეულში მოხვედრა მაინც მოახერხა, ორი პროგრამის ჯამში მეათე ადგილი, დღევანდელ თავისუფალ პროგრამაში კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება ჩემპიონს, აქ ნამდვილი სენსაცია ვიხილეთ, მთავარი ფავორიტი ილია მალინინი მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ყაზახი მიხაილ შაიდოროვი გახდა.

დღევანდელ პროგრამაში ეგაძეს ოთხი ოთხმაგი ნახტომი ჰქონდა გეგმაში. პირველი ურთულესი ნახტომი დაცემით დასრულდა, სადაც 6 ქულა მაინც აიღო. ამის შემდეგ იყო შესანიშნავად შესრულებული ოთხმაგი ტულუპი და ოთხმაგი სალხოვი სამმაგ ტულუპთან კომბინაციაში, რასაც მოჰყვა სამმაგი აქსელი და ოთხმაგი სალხოვი სამმაგ ტულუპთან კომბინაციაში. საერთო ჯამში ნიკას ოთხი ოთხმაგი ნახტომი ჰქონდა წარმოდგენილი, საიდანაც სამი უნაკლოდ შეასრულა. ასპარეზობის დასრულების შემდეგ ქართველმა მოციგურავემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიური თამაშები მაჟორულ ნოტაზე დავასრულე და კარგად ვისრიალე, რის შემდეგაც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დავაფიქსირე. იყო ერთი ელემენტი, რომელიც არ გამომივიდა, თუმცა მის დახვეწაზე ვმუშაობ და იმედი მაქვს მომავალში უკეთესად შევასრულებ“.

ხვალ და ზეგ, ზამთრის ოლიმპიადაში უკვე ქართველი სამთო-მოთხილამურეეები ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა | ნიკა ეგაძის შედეგი ცნობილია
ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა | ნიკა ეგაძის შედეგი ცნობილია