ასპინალი ტიტულის დათმობაზე უარს ამბობს და UFC-ის დატოვებას გეგმავს
ტომ ასპინალმა, რომელიც სირილ განთან ბრძოლაში დაშავებულ თვალებს მკურნალობს, უარყო UFC-ის წინადადება საჩემპიონო ქამრის ვაკანტურად დატოვების შესახებ და საპასუხოდ ორგანიზაციიდან გათავისუფლება მოითხოვა - ამის შესახებ შერეული ორთაბრძოლების ვეტერანი და ამჟამად ანალიტიკოსი, ჯოშ ტომსონი იტყობინება.
„UFC-მ ტომ ასპინალს სთხოვა ქამრის დათმობა მანამ, სანამ ის დაბრუნებას შეძლებდა. მან კი უპასუხა, რომ მზად არის დათმოს ქამარი, თუ მას ორგანიზაციიდან გაუშვებენ. ეს მას გზას უხსნის - ის შეძლებს კრივში გადავიდეს. ეს მართლაც ძალიან უცნაური სიტუაციაა. მძიმე დივიზიონში ახლა სრული ქაოსია.
ჟაილტონ ალმეიდა წავიდა, ის ახლახან დაითხოვეს. ტომ ასპინალიც შესაძლოა წავიდეს. ჯონ ჯონსი, როგორც ჩანს, დაბრუნებას არ აპირებს. დივიზიონში უბრალოდ ქაოსია, ნამდვილი კატასტროფა. მძიმე და ქვემძიმე დივიზიონები ახლა ისტორიაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია“,
- განაცხადა ტომსონმა თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
ორი დღით ადრე ტომ ასპინალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვალზე მორიგი ოპერაცია გაიკეთა, რითაც გულშემატკივრებს მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში ოქტაგონზე მის დაბრუნებას არ უნდა ელოდონ.