ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რატომ არის კვარა გამორჩეული მოთამაშე - უეფას მწვრთნელების ანალიზი

პლატფორმა Coaches' Voice-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

კერძოდ, უეფას ლიცენზირებულმა მწვრთნელებმა გააანალიზეს ის სათამაშო სტილი, რომელმაც კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ აქცია.

ტექნიკური ანალიზი

ხვიჩა კვარაცხელია მემარჯვენე გარემარბია, რომელიც მეტწილად მოედნის მარცხენა ფლანგიდან უტევს. ის ფლობს დრიბლინგის, ბურთით წინსვლისა და ბურთის ტარების შესანიშნავ უნარს. „ნაპოლიში“ გატარებულ სადებიუტო სეზონში, მან სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობით, მეორე ადგილი დაიკავა და რაფაელ ლეაუს მხოლოდ ხუთი დრიბლინგით ჩამორჩა, მომდევნო სეზონში კი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა.

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია კვლავაც დიდ საფრთხეს ქმნის თავისი დრიბლინგით: ის განსაკუთრებით ძლიერია ადგილიდან დაძვრაში. ვიზუალურად ის ყოველთვის არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბურთით გაჭრას აპირებს ან თუნდაც მზად არის ამისთვის. შედეგად, მას შეუძლია მეტოქე ახლოს მიუშვას, შემდეგ კი ფეთქებადი სისწრაფით მოსწყდეს ადგილიდან. როდესაც სივრცე ეხსნება, მას შეუძლია გვერდი აუაროს ან გაასწროს მცველს და შეეცადოს პირდაპირი ოპონენტის დაჯაბნას ერთი-ერთზე თამაშისას.

ხვიჩა დიდ დისტანციებზე ბურთის ტარებისას კარგად იყენებს სხეულის ზედა ნაწილის სიძლიერეს. ხანდახან ის ძალისმიერად უჭრის გზას მდევარ ოპონენტს, რაც მცველს მისთვის ბურთის ართმევას ან მის შეჩერებას ძალიან ურთულებს.

კვარაცხელია გამორჩეულია მჭიდრო სივრცეებში დრიბლინგისას, ძირითადად შეტევის დასკვნით ფაზაში. ის ცდილობს მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიჭრას და ბურთი ფეხთან რაც შეიძლება ახლოს ჰქონდეს. ცენტრისკენ სვლისას ის ხშირად ეხება ბურთს, რაც საშუალებას აძლევს, სწრაფად მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ვარდნასა თუ ორთაბრძოლაზე.

კვარაცხელიას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ბურთი მკვეთრად დააბრუნოს მარცხენა მხარეს: ამას ის ხშირად ბრწყინვალე შენიღბვით აკეთებს — ცრუ მოძრაობით აჩვენებს, თითქოს მოძრაობას მარჯვნივ აპირებს, შემდეგ კი სწრაფად, მაგრამ მშვიდად გადააქვს ბურთი საპირისპირო მხარეს.

„ნაპოლისა“ და პსჟ-ში მას გოლებსა და საგოლე გადაცემებში წვლილი სხვადასხვა პოზიციიდან შეჰქონდა. მას შეუძლია ეფექტურად ჩაურბინოს მცველებს ზურგს უკან და მიზანმიმართულად შეუტიოს შორეულ ძელს. მას ასევე შეუძლია გუნდს დაეხმაროს ხაზებს შორის შეწეული პოზიციიდან, რათა შექმნას მომენტები ან თავადვე დაასრულოს შეტევა.

მისი საუკეთესო მომენტების უმეტესობა დრიბლინგისა და ერთი-ერთზე შეტევების შედეგია.

კვარაცხელიას მარცხენა ფეხით შესრულებული დარტყმები, ჩვეულებრივ, უფრო მეტად სუფთა ძალაზეა გათვლილი -  ეს არის დაბალი, ძლიერი დარტყმები კარის გასწვრივ ან მაღალი დარტყმები ახლო ძელის მიმართულებით. იგივე ეხება მის ჩაწოდებებსა და უკან გაკეთებულ გადაცემებს. მარცხენა ფეხით მოქმედებისას ის აქცენტს უფრო მეტად ძალაზე აკეთებს, რაც გამოსადეგია იმ სივრცის ათვისებისთვის, რომელიც მან ბურთის მკვეთრი მობრუნებით შეიქმნა.

დრიბლინგისას ბურთზე მისი ზუსტი შეხებები თანაგუნდელებზე სწრაფი, შემტევი გადაცემების გაკეთების საშუალებას იძლევა. ოსტატური პასები მცველების ზურგს უკან, ან მწვავე გამჭოლი გადაცემები, თანაგუნდელებს გოლის გატანის შანსებს უქმნის.

მარცხენა გარემარბი

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელია უმეტესად მარცხენა ფლანგიდან უტევს და ლუის ენრიკეს 4-3-3 სათამაშო სქემის ფარგლებში მოქმედებს.

პსჟ-ს ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი როტაციები აქვს მარჯვენა ფლანგზე, მაშინ როცა კვარაცხელია უფრო მეტად მარცხენა ფლანგზე ფიქსირებულ პოზიციას ინარჩუნებს. გუნდის მარჯვენა ფლანგიდან წამოსული მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი მოძრაობები და როტაციები მეტოქეებს ხშირად აიძულებს, მოედნის მეორე მხარეს დაუბრუნდნენ, რადგან ისინი ცდილობენ ფეხბურთელების გადაადგილებას აუბან მხარი, თან ისე, რომ ბურთის გარშემო სიმჭიდროვე შეინარჩუნონ.

აქედან გამომდინარე, პსჟ-ს სწრაფი პასები ან შეტევის ფლანგის შეცვლა ხშირად ტოვებს კვარაცხელიას იზოლირებულს მარცხნივ, სადაც ის მცველთან ერთი ერთზე რჩება.

ბურთის მიღების შემდეგ, ცენტრისკენ შეწევისას, მას შეუძლია კუთხეში დაარტყას, როგორც ამას „ნაპოლიში“ აკეთებდა. თუმცა, რადგან პსჟ-ს ცენტრში ბევრი ვარიანტი აქვს, ის ასევე იყენებს შანსებს კომბინაციური თამაშისთვის, რათა ბურთის მიღების შემდეგ დაარტყას.

გარდამავალ მომენტებში, კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რა დროსაც ის წინ გაჭრაში უერთდება თანაგუნდელებს: უსმან დემბელეს, დეზირე დუესა და ბრედლი ბარკოლას. ამ თანაგუნდელების მსგავსად, კვარაცხელიას კონტრშეტევაზე ბურთი დიდი მანძილზე მიაქვს, მაგრამ ასევე აკეთებს გამჭოლ გადაცემებს, მცველების ზურგს უკან გახსნილი თანაგუნდელებისთვის. თავდამსხმელების სისწრაფის წყალობით, პსჟ მუდმივად ახერხებს დიდი ძალებიც დაცვაში მყოფი მეტოქის მცველების ზურგს უკან არსებული სივრცეების ათვისებას.

ცენტრისკენ შეწევა

კვარაცხელია ხანდახან მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ იწევს, ისევე როგორც იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ის თამაშს მარჯვენა ფლანგზე იწყებს. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, დემბელე ჯერჯერობით პსჟ-ს მთავარი ცენტრალური თავდამსხმელია, რომელიც ხშირად ღრმად იწევს, რათა ხანგრძლივი პოზიციური შეტევების დროს ნახევარდაცვაში რიცხობრივი უპირატესობა შექმნას.

მაგრამ იყო მომენტები, როდესაც კვარაცხელიამ ცენტრში შეიწია, რათა ან შეერთებოდა დემბელეს ცენტრალური მცველების ზონაში ან შეეცვალა ის, როდესაც ფრანგი შემტევი დაცვის ხაზს შორდებოდა.

„თუმცა, შეტევის ხაზის რომელ პოზიციაზეც არ უნდა ითამაშოს, კვარაცხელიას მეტოქისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. პსჟ-სა და საქართველოს ნაკრებს, როგორც ჩანს, მომავალი წლების განმავლობაში, მისი ოსტატური შეტევითი თამაში ბევრ სარგებელს მოუტანს“, - წერს Coaches' Voice.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა