67-წლიანი რეკორდი დაამხეს | სან ანტონიომ ლეიკერსი გაანადგურა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „სან ანტონიო სპურსთან“ განადგურდა. ლოს ანჯელესელებმა ლებრონ ჯეიმსის, ლუკა დონჩიჩის, ოსტინ რივზის, მარკუს სმარტისა და დეანდრე ეიტონის გარეშე იასპარეზეს და 108:136 განადგურდნენ.
„სან ანტონიომ“ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ტექსასელებმა საწყისი მეოთხედი 47:30 მოიგეს, მეორე პერიოდში კი მეტოქეზე 12-ით მეტი ქულა ჩააგდეს - 37:25. „სან ანტონიომ“ 67-წლიანი რეკორდი დაამხო. აქამდე, „ლეიკერსს“ პირველ ნახევარში 84 ქულა არასდროს ჰქონდა მიღებული. რეკორდის ავტორი „ბოსტონ სელტიქსი“ იყო, რომელმაც 1959 წელს „მინეაპოლს ლეიკერსს“ 83 ქულა ჩაუგდო.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 40 ქულა, 12 მოხსნა. „ვემბიმ“ 37 ქულა პირველ ტაიმში მიითვალა და მხოლოდ 26 წუთი ითამაშა. კარტერ ბრაიანტს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო დილან ჰარპერმა 15 ქულა მიითვალა. „ლეიკერსის“ მხრიდან 14-14 ქულით ლუკ კენარდი და დრიუ ტიმი გამოირჩნენ.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 37 მოგება და 16 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. „ლეიკერსი“ 32 მოგებითა და 21 წაგებით მეხუთეზე იმყოფება.