მეოთხე ადგილი საოცარი ასპარეზობის ფონზე - წინ ინდივიდუალური შეჯიბრებაა
ზამთრის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილზე დაასრულა. სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო გიგანტებთან და ტურნირის მასპინძელ იტალიელებთან, ჩვენი გუნდის წევრებმა მართლაც ღირსეულად იბრძოლეს და მათმა ასპარეზობამ დატოვა იმედი იმისა, რომ ინდივიდუალურ გამოსვლებში მივაღწევთ ისტორიულ შედეგს და ჩვენი ქვეყანა ზამთრის თამაშებზე მედალს პირველად მოიპოვებს. რაც შეეხება გუნდურში დაფიქსირებულ საბოლოო შედეგს, 56 ქულა დავაგროვეთ და ჩემპიონი აშშ-ის ნაკრების გარდა, ვერცხლის პრიზიორ იაპონელებსა და ბრინჯაოს მედალოსან იტალიელებს ჩამოვრჩით.
დღევანდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს წარმომადგენლებიდან საქმეში პირველად ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი ჩაერთო, რომელთაც თავისუფალ პროგრამაში 139,70 ქულა დააგროვეს და გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებს 9 ქულა მოუტანეს. ყველა გამომსვლელის ასპარეზობის შემდეგ გაირკვა, რომ ბერულავა-მეტელკინას წყვილზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ დუეტს ჰქონდა.
მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ იაპონელმა კონკურენტმა აჯობა ანასტასია გუბანოვას - ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა ქართველმა მოციგურავემ მსაჯებისგან 140,17 ქულა დაიმსახურა, რაც ამ სეზონში მისთვის საუკეთესო შეფასება გახლდათ და ჩვენს გუნდს 7 ქულა მოუტანა.
ბერულავა-მეტელკინას წყვილთან და გუბანოვასთან შედარებით, აშკარად სუსტი გამოსვლა ჰქონდა ნიკა ეგაძეს, რამაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი შანსები მიზერული გახადა და საბოლოოდ ტურნირის მასპინძლებმა, იტალიელებმა გვაჯობეს.
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყანა სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთხო-სათხილამურო სპორტში რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.