ერთი მედლით დაიწყეს - ჩხიკვაძის ვერცხლი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულებული ტურნირის შემდეგ, გუშინ საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. პირველ საშეჯიბრო დღეს 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამმა ქართველმა, რატი ხოზრევანიძემ, ანრი ხოზრევანიძემ და დიეგო ჩხიკვაძემ იასპარეზეს და მედლის მოპოვება მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეძლო.
ჩხიკვაძემ ჭიდაობა მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყო, სადაც ირანელი მოჰამად მაჰმუდ კამალი 6:4 დაამარცხა. ამას მოჰყვა თურქ მურატ ფირატისთან მეოთხედფინალი, რომელიც 1:1 დასრულდა და ქართველი მოჭიდავე მომდევნო ეტაპზე ბოლო ქულის აღების წესით გავიდა. ნახევარფინალში ჩხიკვაძემ იაპონელ კაცუაკი ენდოს 11:3 აჯობა, ხოლო ფინალი ირანელ აიტჯან ხალმახანოვთან 2:2 დაასრულა და იმის გამო, რომ ბოლო ქულა მეტოქემ აიღო, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ცნობისათვის, როგორც ანრი ხოზრევანიძე, ასევე რატი ხოზრევანიძე ტურნირს იაპონელ მეტოქესთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. პირველ მათგანს კიოტარე სოგაბემ მერვედფინალში, ხოლო მეორეს მეოთხედფინალში მოუგო.