ლამაზი ცერემონია - XXV ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა
მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები გუშინ, თბილისის დროით გვიან ღამით ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი იტალიელი კომპოზიტორების, ჯუზეპე ვერდის, ჯოაკინო როსინისა და ჯაკომო პუჩინის ისტორიული ფიგურების რომაული მითოლოგიის ფრაგმენტებით გაცოცხლება წარმოსახვით პალიტრაზე, რითაც იტალიური სამხატვრო სკოლის ბრწყინვალებას გაესვა ხაზი. ცერემონიაზე ამერიკელმა მერაია ქერიმ შეასრულა დომენიკო მოდუნოსა და ფრანკო მილიაჩის ცნობილი სიმღერა.
ღონისძიებაში ბუნებრივია წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოდა - მოდელებმა, რომლებიც იტალიის სახელმწიფო დროშის ფერებში იყვნენ შემოსილნი, ერთგვარი დეფილე მოაწყვეს, პარალელურად კი იტალიური მოდის თვალსაჩინო წარმომადგენლის ჯორჯო არმანის ხსოვნას პატივი მიაგეს. ოლიმპიური ცეცხლი, თამაშების ერთ-ერთი სიმბოლო ორ ადგილზე აინთო - მილანის გულში, „მშვიდობის თაღთან“ ეს პატივი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს ალბერტო ტომბას და დებორა კომპანიონის ხვდათ წილად, ხოლო კორტინაში პიაცა დიბონას მთავარ მოედანზე ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ სოფია გოჯას.
რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ჩვენი ქვეყნის მედროშეები მოციგურავეები, ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ.