"მას მოედანზე დაბრუნება მალე სურს, მაგრამ..." - ნეიმარის ექიმის მნიშვნელოვანი განცხადება
„პსჟ“-ს ბრაზილიელი ათიანი ნეიმარი, ოპერაციის გაკეთების შემდეგ ძალიან მოწყენილი იყო. ამის მიზეზი სარეაბილიტაციო კურსია, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
უკვე გარკვეულია, რომ ნეიმარი წლევანდელ სეზონში „პსჟ“-ს დახმარებას ვეღარ შეძლებს, თუმცა მას მუნდიალისთვის მოსამზადებელი დრო ექნება.
ბრაზილიის ნაკრების ექიმის როდრიგო ლამასის თქმით, ნეიმარი დიაგნოზის გაგების შემდეგ ძალიან გაღიზიანდა, თუმცა მას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრება და ტიტეს მისი იმედი უნდა ჰქონდეს.

„ის ძალიან გაბრაზდა, როდესაც ტრავმის შესახებ საბოლოო დიაგნოზი დაუსვეს.
მსოფლიო ჩემპიონატის წინა პერიოდი ყოველთვის საშიშია. როდესაც, მან ტრავმის სირთულის შესახებ გაიგო ნამდვილად ძალიან გაბრაზდა, თუმცა მალევე დამშვიდდა. მას აქვს უდიდესი ძალა, რომ გამოჯანმრთელდეს და ამაში ხელს მისი მენტალობა უწყობს.
რა თქმა უნდა, ნეიმარს მოედანზე დაბრუნება მალე სურს, მაგრამ ჩვენ დავისახეთ გეგმა და დავასახელეთ თარიღი, რომელიც 6 კვირას შეადგენს. შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს დავაკვირდებით და დაბრუნების საბოლოო ვადაც მაშინ დაზუსტდება“.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი დასკვნის შედეგად არსებობდა იმის საფრთხე, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებდა, თუმცა დღევანდელი განცხადების შემდეგ „პენტაკამპეონთა“ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს შეუძლია მშვიდად იყოს.
ნეიმარი რუსეთში აუცილებლად გაემგზავრება, თუმცა მთავარი კითხვა მაინც რჩება - როგორ ფორმაში იქნება ის?..
აქვე, იხილეთ კადრები, თუ როგორ დატოვა ნეიმარმა ოპერაციის შემდეგ ჰოსპიტალი და საკუთარი თვითმფრინავისკენ გაემართა.