იანი: მერაბს ჩვენს მესამე ბრძოლაში სრული განადგურება ელის
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გახდა მერაბ დვალიშვილთან რევანშში მისი გამარჯვების საფუძველი და ასევე გააკეთა პროგნოზი ქართველ „მანქანასთან“ ტრილოგიის დასკვნით დაპირისპირებაზე.
„ჩვენი რევანშისთვის მერაბის შესახებ უდიდესი ცოდნა მქონდა. მისი სტილი დაწვრილებით შევისწავლეთ და გვესმოდა, რომ ის თავის საქმეს აკეთებს მაშინ, როდესაც მეტოქე ამის საშუალებას აძლევს. როგორც კი ჩემი „ლურსმნების დაჭედება“ დავიწყე, ეს ყუთი დაიშალა. სასიამოვნო იყო, რომ მერაბმა თავისი კრივის ირწმუნა და ჩათვალა, რომ ზიანის მოყენებას შეძლებდა. უდავოდ, ის ძლიერი მებრძოლია, ძლიერი ჭიდაობა აქვს - მე უბრალოდ მისი ძლიერი მხარის ნეიტრალიზება მოვახდინე. მისი თითქმის ყველა თეიკდაუნისგან თავი დავიცავი და მან გადაწყვიტა, დგომში ეჩხუბა, ეს კი ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა.
UFC მას დაუყოვნებლივ რევანშს ჰპირდება და მე ამას ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ის ამას იმსახურებს, მან ტიტული სამჯერ დაიცვა, დაამარცხა დივიზიონში ყველა, ვინც რეიტინგის სათავეშია, ამიტომ ტრილოგია უნდა შედგეს. ეს ყველასთვის საინტერესო იქნება - მაყურებლისთვისაც და ლიგისთვისაც. ველოსიპედი უკვე არსებობს, ახალს ვერაფერს გამოიგონებ, მაგრამ მე ის დავამარცხე და კიდევ ერთხელ დავამარცხებ.
ხარი ყოველთვის უფრო ძლიერია, მაგრამ მატადორი ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენს მესამე ბრძოლაში მერაბს დიდი პრობლემები ელოდება, მას სრული კატასტროფა და განადგურება ელის“,
- განაცხადა რუსმა მებრძოლმა ნურლან საბუროვთან ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ პიოტრ იანმა განაცხადა, რომ წელზე ცხრა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რაც მის სავარჯიშო პროცესს რამდენიმე თვით შეაჩერებს.