„ბევრს ლაპარაკობს, უსაქმოდაა და ვეჩხუბებოდი“ - ჩენდლერმა ცარუკიანი გამოიწვია
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში უამრავი ძლიერი მებრძოლი შეიკრიბა და 2026 წელს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ბევრი საინტერესო დაპირისპირება ელის. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, დივიზიონის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენ ჩხუბში დღეს წონის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი არ იბრძოლებს და იქიდან გამომდინარე, რომ მისი მომავალი შეხვედრა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის, სომეხთან დაპირისპირების სურვილი მაიკლ ჩენდლერმა გამოთქვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან მინდა დიდი ბრძოლის ჩატარება. მსურს დავბრუნდე და ტოპ-მებრძოლს დავუპირისპირდე. ბოლო ჩხუბში ჩემი სურვილი, უნარები და საქმისადმი მიდგომა გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოვავლინე, რისი გამოსწორებაც ახლა მსურს.
პრიორიტეტული არავინაა და განსაკუთრებული მეტოქე შერჩეული არ მყავს. თუმცა, შეხედეთ რა ხდება დივიზიონში - მარტში BMF-ის ქამრისთვის მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა ხვდებიან, არმან ცარუკიანი კი თავისუფალია და გამუდმებით ვიღაცაზე ლაპარაკობს, რის გამოც ვფიქრობ რომ ჩემთან დაპირისპირებით ის ბევრს მოიგებს“.
ცნობისათვის, ის უკანასკნელი ჩხუბი, სადაც მაიკლ ჩენდლერი საკუთარი გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა, მან 2025 წლის 12 აპრილს ჩაატარა და პედი პიმბლეტთან ნოკაუტით დამარცხდა.