„რეალს ჩვენი უნდა ეშინოდეს“ - მიქაუტაძე ბლანკოსთან მატჩის წინ
დღეს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე ქართველმა ფორვარდმა Marca-სთან ინტერვიუში ლიონიდან ტრანსფერზე, ესპანეთში ადაპტაციის პროცესზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„ესპანეთის ჩემპიონატთან ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს. ძალიან მიხარია აქ თამაში. 6 თვე გავიდა და ვცდილობთ, ყველა დასახული ამოცანა შევასრულოთ. ყოველ მატჩში თავს უფრო უკეთ ვგრძნობ - უკეთ მესმის მწვრთნელის მოთხოვნები და მიმდინარე წელს უკვე სამი საგოლე მოქმედება მაქვს. როდესაც მაღალ პრესინგს ვთამაშობთ, ფორვარდები მეტოქის კართან უფრო ახლოს ვიბრუნებთ ბურთს და გოლის გატანის შანსებიც გვეზრდება.
„ლიონიდან“ წასვლა? რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და შემოსავალის გაზრდა სჭირდებოდა. რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელიდან ჩემი გაშვება გადაწყდა - მსხვერპლი გავიღე, რათა კლუბს დავხვმარებოდი. თუმცა, „ვილიარეალში“ გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ლიონში დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ოჯახი და მეგობრები იქ ცხოვრობენ. პირველ გუნდში ერთი სეზონი გავატარე, თუმცა ამან ბევრი რამ მომცა.
ჩემპიონთა ლიგაზე ორი მარცხი? წაგება არავის უყვარს, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დავტოვეთ. ახლა „რეალთან“ მატჩში დიდი გამოწვევა გველოდება და ვიცით, რომ მოგება გვჭირდება. მეტოქის არ გვეშინია, ლა ლიგაში მესამე ადგილზე ვართ. პირიქით, „რეალს“ უნდა ეშინოდეს ჩვენი. ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და სამ ქულას ვუმიზნებთ. „რეალის“ დამარცხება ადვილი არასოდესაა, მაგრამ ჩვენ სწორედ ასეთი ამოცანა გვაქვს. პირველი ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ჩამორჩენა არც თუ ისე დიდია. ვიცით, რომ რთული მატჩები გვექნება, მათ შორის ერთი დღეს გველოდება, მაგრამ ეს მიზნისკენ გზაზე ვერ გაგვაჩერებს.
საქართველოს ნაკრები? ვფიქრობ, ახლა საუკეთესო თაობა გვყავს. ერთმანეთში ძმური ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. ერთმანეთთან თამაში ძალიან გვსიამოვნებს. ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო: მოედანზე გასვლა და ჩვენი გულშემატკივრების დანახვა. გვინდოდა, კარგად გვეასპარეზა გერმანიაში და ეს ძალიან ემოციური იყო.
მამარდაშვილმა და ქოჩორაშვილმა მითხრეს, რომ „ვილიარეალი“ ერთი დიდი ოჯახია, ვალენსია კი ძალიან ლამაზი ქალაქია. ბავშვობიდან ვუყურებდი ესპანეთის ჩემპიონატს და აქ თამაში ძალიან მაინტერესებდა. როდესაც ვილი სანიოლმა ნაკრებში გამომიძახა, ბელგიაში ვთამაშობდი. საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იყო - ამაზე მანამდეც ვფიქრობდი. ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი“.
ცნობისთვის, „ვილიარეალისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.