„მძიმე მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ“ - წიტაიშვილმა პასუხისმგებლობა გაინაწილა
ამა თუ იმ საფეხბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე მყოფი კლუბიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა ყოველთვის რთულია, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარე ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ ერთ-ერთი ნათელი წერტილია, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მის მიერ პსჟ-ის კარში გატანილი ბურთი დეკემბრის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. ხვალ, „მეცს“ სტუმრად „სტრაბურგთან“ დაპირისპირება უწევს და ეს უბრალო თამაში კი არა, ერთგვარი დერბიცაა. პრინციპული შეხვედრის წინ კლუბის მთავარ მწვრთნელთან ერთად, პრესკონფერენციაზე სწორედ ქართველი ლეგიონერი იმყოფებოდა.
გიორგი წიტაიშვილი
„მონპელიესთან“ (0:4) დიდი ანგარიშით მარცხის მიზეზს ვერ ავხსნი, რადგან ის უბრალოდ ვერ ვიპოვეთ. ფეხბურთში აუხსნელი ფაქტები ხშირად ხდება, ზოგჯერ გამარჯვება გვინდა და ვერ ვახერხებთ. არ ვამბობ, რომ ლანგედოკელებთან კარგად ვითამაშეთ, პირიქით, შესაძლოა ეს წლევანდელი სეზონის ყველაზე ცუდი მატჩიც იყო ჩვენთვის.
მირჩევნია ვისაუბრო მომავალზე და იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ „სტრასბურგთან“ წარმატების მისაღწევად. ვიცი, რომ ეს ერთგვარი დერბია, თუმცა მსგავსი შინაარსის მატჩებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება მაქვს - თუნდაც უკრაინის ჩემპიონატში „დინამო კიევი“ - „შახტარის“ თამაშები რომ გავიხსენოთ.
ვერ ვიტყვი რომ კლუბში ცუდი ატმოსფეროა, უბრალოდ ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი შრომა მოგვიწევს. სამწვრთნელო შტაბის ბოლომდე გვესმის და ვცდილობთ მათი დავალებები შევასრულოთ. პასუხისმგებლობას ყველანი ვინაწილებთ და წარუმატებლობაში ბრალი მხოლოდ კლუბის პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს, ან სპორტულ დირექტორს არ მიუძღვის.
ცნობისათვის, გიორგი წიტაიშვილმა წლევანდელ ლიგა 1-ში ცხრამეტივე შეხვედრაში ითამაშა და მის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემაა. „მეცი“ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 12 ქულით ბოლო ადგილზეა. „სტრაბურგთან“ საგარეო მატჩი ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.