„ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგია“ - შენგელიამ ბარსას მწვრთნელზე ისაუბრა
ევროლიგის მორიგ ტურში „ბარსელონას“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება, მატჩის წინ კი „ბლაუგრანას“ ქართველმა კალათბურთელმა EFE-სთან ისაუბრა. შენგელიას თქმით, მთავარ მწვრთნელად ხავი პასკუალის დანიშვნის შემდეგ გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. პირველ რიგში, გამარჯვებების სერიის გაგრძელება გვსურს, რაც სატურნირო ცხრილში წინსვლაზეც აისახება. ბოლოს და ბოლოს, ეს „ელ კლასიკოა“ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
კლუბში მოსვლამდე ხავი პასკუალმა უკვე იცოდა, თუ რა უნდა შეცვლილიყო. ვფიქრობ, მან შესანიშნავი სამუშაო გასწია. თითოეული მატჩისთვის ისე გვამზადებს, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგია იმ მწვრთნელებს, შორის, ვისთანაც მიმუშავია.
არ ვიცი, რა შეიცვალა კალათბურთელებში მისი მოსვლის შემდეგ, მაგრამ რაღაც ნამდვილად შეიცვალა - გუნდი სულ სხვანაირად ათამაშდა. რაც შეეხება [ყოფილ მწვრთნელს] ჟოან პენიაროიას, ის ძალიან დამეხმარა. როდესაც აქ გადმოვედი, ბევრს ვსაუბრობდით, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა - ცუდი შედეგების გამო მწვრთნელი შეიცვალა“.
ცნობისთვის, მთავარ მწვრთნელად ხავი პასკუალის დანიშვნის შემდეგ „ბარსელონამ“ 18 მატჩიდან 15 მოიგო. „ელ კლასიკოში“ ზედიზედ 9 მარცხის შემდეგ „ბლაუგრანამ“ ესპანეთის ჩემპიონატში „ბლანკოსი“ გასვლაზე დაამარცხა, ახლა კი მადრიდში უკვე ევროლიგის ფარგლებში სათამაშოდ ჩავა. საკალათბურთო „ელ კლასიკო“ 16 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.