საქართელოს ეს შანსი არ უნდა წავართვათ | არგუმენტები 6 ერის ფორმატის წინააღმდეგ
სერ კლაივ ვუდვორდმა რაგბის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები კვლავ გააღვივა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექვსი ერის ტურნირზე აღზევებისა და გავარდნის სისტემის შემოღებას ითხოვს და ამბობს, რომ ისტორიულ ტურნირს სასწრაფოდ სჭირდება მეტი დაძაბულობა და რისკი.
მსოფლიო თასის მფლობელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ტურნირის „ჩაკეტილი“ ფორმატი რაგბის განვითარებას აღარ ემსახურება. მისი წინადადებით, ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის ორმატჩიანი პლეი-ოფი უნდა გაიმართოს.
ვუდვორდის ძირითადი არგუმენტები:
- სამართლიანობა. „ეს არ არის ახალი დებატები, მაგრამ მე სრულად ვუჭერ მხარს ექვს ერში გავარდნა-აღზევების სისტემას,'' - წერს ვუდვორდი. „ვინც ბოლო ადგილზე გავა, შინ და გარეთ უნდა ეთამაშოს რაგბი ევროპის გამარჯვებულს. ეს ელემენტარულია და ტურნირს საჭირო სიმწვავეს შესძენს.“
- უელსის ფაქტორი. ვინაიდან ამჟამად უელსი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა, ვუდვორდი აღიარებს, რომ ასეთი სისტემით ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებოდნენ, თუმცა მიაჩნია, რომ წნეხი მათთვის სასარგებლოც კი იქნება: „უელსი ახლა აუტსაიდერია და პლეი-ოფს არ მიესალმებოდა, თუმცა ასეთი სცენარი რეალურად მათვე წაადგება.“
- ახალი შესაძლებლობები: „ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, პორტუგალია და ესპანეთი, შანსი უნდა მიეცეთ.“
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გარკვეული რეგრესი დაეტყო და ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ ქოქრილიც დაითხოვა, ვუდვორდი ამტკიცებს, რომ ფორმის დროებითმა ცვალებადობამ ამბიციურ გუნდებს გზა არ უნდა გადაუღობოს: „სამწუხაროა, რომ საქართველო რეგრესი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ან მათ კონკურენტებს უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი უნდა წავართვათ.“