კონკრეტული ინტერესი დააფიქსირეს | რას წერენ წიტაიშვილზე საფრანგეთში
გიორგი წიტაიშვილი რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა და ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფრანგულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
„მისი საფეხბურთო პროფილი და სატრანსფერო ღირებულება კლუბებისთვის მიმზიდველია და ბრძოლა უკვე დაიწყო“, – წერს Sport. ცნობილი გამოცემა დასძენს, რომ „ლიონმა“ და „ლილმა“ პირველი ნაბიჯები გადადგეს და კონკრეტული ინტერესი დააფიქსირეს. მათ სურთ, დაბალი სატრანსფერო ღირებულებით ისარგებლონ და კონკურენტებს დაასწრონ.
„ლიონისა“ და „ლილის“ გარდა, წიტაიშვილს „ლაციოს“, „ვილიარეალსა“ და „ნაპოლის“ უკავშირებენ. ქართველი ფეხბურთელი „დინამო კიევის“ საკუთრებაა და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი „მეცში“ იჯარით სეზონის ბოლომდე იმყოფება.
ცნობისთვის, წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „წიტამ“ „ბრესტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ გაუტანა, ხოლო პარიზელებთან მატჩში ასისტი მიითვალა.