UFC-ის კომენტატორი: „თეთრ სახლში 6-7 სატიტულო ჩხუბი საკმაოდ რეალური სცენარია“
UFC-ის კომენტატორი, ჯონ ანიკი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე 6-7 სატიტულო ჩხუბის ჩატარება საკმაოდ რეალურია.
„დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლში 8 ქამარი გათამაშდება - ეს იდეალური და ძალიან ამბიციური სცენარია, თუმცა მართლა მჯერა, რომ აღებული გვაქვს ისეთი მიმართულება, რის შედეგადაც თეთრი სახლის ეზოში დაგეგმილ ღონისძიებაზე 6 ან 7 სატიტულო ჩხუბს ვიხილავთ. ყველაფერი აქეთკენ მიდის.
UFC 324 და UFC 325 იანვარშია დაგეგმილი და ჩემპიონები, რომლებიც აქ იჩხუბებენ, ივნისამდე აღდგენას მოასწრებენ. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სატიტულო ბრძოლები არ გვაქვს, მარტის ტურნირზე კი მთავარ მოვლენად არასაჩემპიონო ჩხუბია ჩანიშნული [ჩარლზ ოლივეირა-მაქს ჰოლოუეი BMF ქამრისთვის]. ამიტომ ივნისისთვის ბევრი ჩემპიონი ხელმისაწვდომი იქნება“.
როგორც ცნობილია, თეთრი სახლის ეზოში დაგეგმილი ტურნირი 14 ივნისს, დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე გაიმართება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ღონისძიებაზე მაყურებელი 8 ან 9 სატიტულო ჩხუბს იხილავს.