ისევ კონფლიქტი და გაუგებრობა - დემბელეს პრობლემები აქვს
უსმან დემბელეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს და წესით, სანერვიულოდ საქმე არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ცნობილი ფრანგული არხი Canal + სანდო წყაროზე დაყრდნობით სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ირკვევა, რომ 2025 წლის აბსოლუტურად ყველა პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის მფლობელ ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-ის მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაეძაბა.
კიდევ ერთხელ ვამბობთ იმიტომ, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი დაახლოებით წელიწადნახევრის წინაც ჰქონდა და მაშინ მხარეებმა უთანხმოების მოგვარება შეძლეს. რაში მდგომარეობს პრობლემა და რა გახდა ამჯერად კონფლიქტის მიზეზი? გავრცელებული ცნობით, დემბელე გაღიზიანებულია იმის გამო, რომ წელს ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობის საშუალება არ ეძლევა. თვლის, რომ ტრავმით გამოწვეული დისკომფორტები საბოლოოდ უკან მოიტოვა და სრული დატვირთვით საასპარეზოდ მზად არის.
საპირისპირო აზრზეა ლუის ენრიკე, რომელიც „ფლამენგოსთან“ შეხვედრაში უსმანის მიერ რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებლობით იმდენად აღშფოთებული იყო, რომ მისთვის საჯაროდ შენიშვნის მიცემასაც არ მორიდებია. ენრიკე ფიქრობს, რომ დემბელე სათანადო ფორმაში არ იმყოფება და ამიტომაც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას ჯერჯერობით მხოლოდ ცვლილებაზე. ამას ემატება ისიც, რომ ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვას არ მოსწონს „სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელების მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტი, რომელიც ბონუსურ სისტემაზეა დაფუძნებული და თვლიან, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იმსახურებს.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში უსმან დემბელეს ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი ერთი ბურთით გამოიჩინა.