“ეს კატასტროფაა“ - მარსელინო ბარსელონასთან მარცხის შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბარსელონას ესტუმრა და 4:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეტა.
მარსელინო:
„ერთის მხრივ ბედნიერი ვარ, მეორეს მხრივ — ძალიან იმედგაცრუებული. გადამწყვეტი მომენტი, უდავოდ, მესამე გოლი იყო. ასეთი გოლი არ უნდა გაუშვა. ეს კატასტროფაა — მეტოქემ ზუსტად დაასრულა ეპიზოდი, რომელიც მარტივად დასაცავი იყო. თამაში ბეწვზე ეკიდა. თითქოს თავადვე გავუღეთ კარი, რომ გოლი გაეტანათ. შედეგი გადაჭარბებულია, მაგრამ შევხვდით გამორჩეულ ლამინს, ძალიან ეფექტურ ბარსელონას და დავუშვით შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა აგვერიდებინა.
მესამე გოლის დროს შეცდომა — ეს ფეხბურთია. მაგრამ ჩემთვის ეს იყო დაცვის ინტენსივობის მკვეთრი ნაკლებობა. ბურთიანი ძლიერი მოთამაშე, მოძრაობის და პასის მიღების შესაძლებლობა და ძალიან ცუდი პოზიციონირება უკანა ოთხეულში. ეს მაწუხებს, რადგან ასეთ დეტალებზე ვმუშაობთ, ვამახვილებთ ყურადღებას და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ.
ძალიან მეწყინა. ეს იყო დარტყმა, რომელიც გეუბნება: თუ ბარსელონას ასეთ გოლს გაატანინებ და ანგარიში 3:1 გახდება, მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მთელ გუნდს ძალიან ეტკინა — დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებსაც იგივე შეგრძნება ჰქონდათ. გავუშვით ხელიდან ძალიან კარგი შესაძლებლობა — არა მხოლოდ მოსაგებად ან ქულის ასაღებად, არამედ იმისთვის, რომ ბოლომდე თამაშში დავრჩენილიყავით და შედეგზე გავლენა მოგვეხდინა.
უნდა გავუმჯობესდეთ. ვფიქრობ, ეს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა: ჩემპიონთა ლიგაზე საკმარისი ქულები ვერ ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, უნდა აგვეღო. ტოპ-გუნდებთანაც შეგვეძლო ქულების მოპოვება, უფრო ახლოს ყოფნა, მაგრამ ყოველთვის ვუშვებთ უხეშ შეცდომებს. ასეთ მეტოქეებთან კი უხეში შეცდომების უფლება არ გაქვს.
შენი შანსებიც უნდა გამოიყენო. დღეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ, შემდეგ კი დავუშვით შეცდომა, რომელმაც 3:1 გამოიწვია — ამაზე დიდხანს არ მინდა საუბარი, რადგან ძალიან მაბრაზებს.“
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ვილიარეალს 51 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ატლეტიკო 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი ელჩეს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.