„მთავარი გამარჯვებაა“ | ჯიკიჩისა და მერკვილაძის მატჩისშემდგომი კომენტარები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, პრესკონფერენცია გამართა და დანიასთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. ჯიკიჩს ალექსანდრე მერკვილაძე ახლდა და კომენტარი მანაც გააკეთა.
ალექსანდრე მერკვილაძე: „მთავარი მწვრთნელისა და სამწვრთნელო შტაბის მადლიერი ვარ, რადგან ასეთ შეხვედრაში ნდობა გამომიცხადეს და სათამაშო დრო მომცეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის კალათბურთელები გვყავს ჩემს პოზიციაზე: თოკო, ბურჯო და კორსა. მადლობა შანსისთვის. ვფიქრობ, ძალისხმევის კუთხით ნორმალურად ვითამაშე. ქულას ავიღებ თუ არა, ვარ კალათბურთელი, რომელიც სწორ მოქმედებაზეა ორიენტირებული, დაცვაში თამაშობს და ასრულებს იმ „შავ სამუშაოს“, რომელსაც მწვრთნელი სთხოვს. დღეს სწორედ ეს გავაკეთე და ნდობისთვის მადლიერი ვარ.“
ალექსანდარ ჯიკიჩი: „დანიამ ისე ითამაშა, როგორც ვიცოდით. ეს არის მებრძოლი, აქტიური, ათლეტური და მობილური გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება. კარგად ვითამაშეთ და მესამე მეოთხედში ბევრი ბურთი ჩავაგდეთ, თუმცა მეოთხე პერიოდში სულ სხვანაირი თამაში ვაჩვენეთ. მეოთხე მეოთხედით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, რადგან წინა შეხვედრაში, რომელიც აქ ჩავატარეთ, დანიამ დაგვამარცხა. მინდოდა, ჩემს ბიჭებს სრული კონცენტრაცია 40 წუთის განმავლობაში შეენარჩუნებინათ, მაგრამ ეს არ გამოვიდა.საერთო ჯამში, მთავარი მაინც ისაა, რომ გავიმარჯვეთ.
მარკუს რიდი? იცით, რაც მოხდა. თორნიკე შენგელიამ ითამაშა, თვითმფრინავში ჩაჯდა, გადაჯდა და კოპენჰაგენში ჩამოვიდა; ერთად ვარჯიშიც ვერ მოვასწარით. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელი ერთმანეთს პირველად გასახდელში შეხვდა. ვარ თუ არა რიდით კმაყოფილი? მისი მიდგომითა და დამოკიდებულებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. დაცვაში კარგად ითამაშა და ვიცით, რომ შეტევაში უფრო ეფექტიანად ასპარეზობა შეუძლია. ერთმანეთთან თამაშს ვსწავლობთ და ეს პროცესია.“
ცნობისთვის, საქართველო მომდევნო შეხვედრას ისევ დანიასთან გამართავს. მატჩი 2 მარტს ჩატარდება.