ლუკა ხარატიშვილი
Aa
Aa

სასტარტოდან მეორე კონკურენტიც ამოაგდო | ხარატიშვილი საიმედო და სტაბილურია

ჩეხეთის ჩემპიონატში პარდუბიცემ ტეპლიცესთან 1:1 ითამაშა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ტროუსილმა ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ხარატიშვილმა ითამაშა. ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუშვა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ თამაშში ფეხით ხშირად ერთვებოდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა. 

მატჩის მიწურულს მეტოქის შემტევი ლუკასთან ერთი-ერთზე გავიდა, ქართველმა მეკარემ პოზიცია კარგად შეარჩია და  ბურთი ფეხით მოიგერია.

 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარდუბიცემ გამოცდილი მეკარე ალეშ მანდოუსი დაიმატა, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ახალწვეული მანდოუსი სამ მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში მეკარე შეიცვალა, სლოვაცკოსთან და ტეპლიცესთან ხარატიშვილმა ითამაშა, მანდოუსი სკამზე აღმოჩნდა. ლუკა სკამზე სეზონის პირველ ნახევარშიც იჯდა, თუმცა შემდეგ პირველი მეკარე იაჰიმ სერაკი სასტარტოდან ამოაგდო და შემდეგ სერაკი სხვა კლუბში წავიდა. მოკლედ, ლუკამ ამ სეზონში კონკურენცია ორ მეკარეს მოუგო და ვიმედოვნოთ, რომ სტაბილურად თამაშს გააგრძელებს.

სლოვაცკოსთან პარდუბიცე დამარცხდა, 2 გოლი გაუშვა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ლუკა უშეცდომო იყო: „მეკარე შევცვალეთ, იმიტომ რომ ზედიზედ სამ თამაშში იდენტური სიტუაციები გვქონდა, როცა არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ვესაუბრე მეკარეების მწვრთნელს და ვკითხე, რა შეიძლება შევცვალოთ. ვფიქრობ, ლუკას შეცდომა არ ჰქონია და კარგად ანაწილებდა პასებს. არც წინა მატჩებში იყო ჩვენს კართან ბევრი მომენტი, მაგრამ სტანდარტული სიტუაციებიდან რამდენიმე სულელური გოლი გავუშვით და რაღაცის შეცვლა გვინდოდა''.

23 წლის ლუკა ხარატიშვილი ბათუმის დინამოს საკუთრებაა, პარდუბიცეში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით თამაშობს.

თუ ლუკა სასტარტოში ადგილს შეინარჩუნებს, რაც მისი კარგი თამაშით განპირობებული იქნება, მარტის სანაკრებო პაუზისას მოსალოდნელია, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიოს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გუგეშაშვილს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, საუკეთესო ფორმისგან შორს არიან.

ლუკას ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით გადაცემა „კონტრ-შეტევაში'' ვისაუბრეთ.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდმა ბრისტოლს მოუგო
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდმა ბრისტოლს მოუგო