„ილიას წინააღმდეგ ისლამს ამის გაკეთება მოუწევს და ეს ძალიან სახიფათოა...“
ჩარლზ ოლივეირამ, რომელიც ოქტაგონზე ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას დაუპირისპირდა და ორივესთან ვადაზე ადრე დამარცხდა, UFC-ის ჩემპიონებს შორის პოტენციური სუპერბრძოლის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
„მახაჩევს ერთი სცენარი აქვს – ის კლინჩში უნდა შევიდეს და თეიქდაუნი შეასრულოს. თოფურია მებრძოლია, რომელსაც ნოკაუტის უზარმაზარი ძალა აქვს. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ მან ნოკაუტში ჩამაგდო. ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც კი ოდესმე მიმიღია, თუმცა მისი მუშაობა კლინჩსა თუ პარტერში არასდროს მინახავს.
თუ ისინი ბრძოლას დგომში აწარმოებენ, ილია მას ნოკაუტში ჩააგდებს. მაგრამ თუ ისლამი მის დაჭერას შეძლებს, ბრძოლას ფინიშით დაასრულებს. პროგნოზისთვის ეს ძალიან თანაბარი ბრძოლაა, თუმცა ილიას დასაჭერად ისლამს ჯერ დისტანციის შემცირება და მიახლოება მოუწევს, რაც ძალიან სახიფათოა, როდესაც ასეთ მეტოქეს ებრძვი“, – განაცხადა ბრაზილიელმა მებრძოლმა.
თეორიულად, სუპერბრძოლა მსუბუქი და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონებს შორის შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში, თეთრ სახლთან დაგეგმილ ორგანიზაციის სადღესასწაულო ტურნირზე შედგეს, რომელიც ივნისისთვისაა ჩანიშნული. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა.
ჩარლზ ოლივეირა ოქტაგონს 7 მარტს, ლას-ვეგასში გამართულ UFC 326-ზე დაუბრუნდება, რომლის მთავარ მოვლენაშიც მაქს ჰოლოუეისთვის BMF ქამრის წართმევას შეეცდება.