„შთამბეჭდავი იყო“ | სეხუდომ წლის მებრძოლად პიოტრ იანი დაასახელა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. „ტრიპლ სის“ ფავორიტი პიოტრ იანია, რომელმაც მერაბ დვალიშვილი დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
„მერაბმა წელს ოთხჯერ იჩხუბა, თუმცა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად მაინც პიოტრ იანს ვასახელებ. რატომ? სატიტულო ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე მან მაღალი დონის მეტოქეები დაამარცხა, შემდეგ კი რევანში აიღო მეტოქესთან, რომელთანაც ადრე 45:50 ჰქონდა წაგებული. ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ დაბრუნდა მერაბთან წაგებული პირველი ორთაბრძოლის შემდეგ და გაიმარჯვა.
ვფიქრობ, 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი პიოტრ იანია. რამდენჯერ იჩხუბა მან წელს? ეს კითხვა გასაგებია, თუმცა აქ საუბარი ხარისხისა და რაოდენობის დაპირისპირებას ეხება. დომინანტურად წაგებული ბრძოლის შემდეგ, იანი დაბრუნდა, რევანში აიღო და ეს ფაქტი ძალიან ბევრს ნიშნავს“, — განაცხადა სეხუდომ.
ცნობისთვის, პიოტრ იანმა 2025 წელს ორი ორთაბრძოლა გამართა და „მანქანასთან“ შეხვედრამდე მარკუს მაკგი დაამარცხა. რაც შეეხება ხარისხისა და რაოდენობის თემას, რასაც სეხუდომ ხაზი გაუსვა, მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს ოთხი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და უმარ ნურმაგომედოვს, შონ ომალისა და კორი სენდჰეგენს მოუგო.
ცხადია, რთულია ამ სამი სატიტულო ბრძოლის ხარისხი მაკგისთან ჩხუბს შეადარო, თუმცა სეხუდო მერაბის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით არასდროს გამოირჩეოდა და ეს განცხადებაც ამის კიდევ ერთი დასტურია.