კორმიე: ახლა UFC მეტ ფულს გასცემს, მებრძოლები უკეთეს კონტრაქტებს იღებენ
UFC-ის ESPN-დან Paramount-ზე გადასვლა მებრძოლთა ჰონორარების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს - ამას ლიგის კომენტატორი და ყოფილი ჩემპიონი, დანიელ კორმიე ამბობს.
ახალი შვიდწლიანი სატელევიზიო კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 7.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძალაში 24 იანვარს, ლას-ვეგასში დაგეგმილ UFC 324-ის ქარდზე შევა. ეს სისტემა წარსულს ჩააბარებს ფასიანი ტრანსლაციების (PPV) მოდელს, რომელიც ბოლო წლებში ნაკლებად ეფექტური გახდა.
„მებრძოლები უკვე იღებენ მეტ ფულს, აი რაშია განსხვავება. ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ახლა იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მაშინ, როცა ფასიანი ტრანსლაციების გაყიდვებიდან პროცენტს იღებდნენ, რადგან ისინი აღარ იყიდება ისე, როგორც ადრე.
როდესაც მე ჯონ ჯონსსა და ენტონი ჯონსონს ვებრძოდი, ჩემს ქარდზე (ბრძოლების სიაში) ნეიტ და ნიკ დიასები იყვნენ, მე დიდ ფულს ვაკეთებდი ფასიანი ტრანსლაციებით. ახლა ეს რეალური აღარ არის. დღეს გაყიდვების დიდ მაჩვენებლად 500-600 ათასი ითვლება. ტრანსლაციები ისე კარგად აღარ იყიდება.
ვიცი მებრძოლები, რომლებმაც უკვე თქვეს: „შემიძლია თუ არა პირობების გადახედვა იმის გათვალისწინებით, რომ PPV სისტემა გაუქმდა?“ და UFC-მ უპასუხა: „დიახ“ - ახლა ეს გარანტირებული ფულია. ისინი ამას აკეთებენ. თანაც, ის მებრძოლიც, რომელიც ქარდს ხსნის, უკეთესად გამოიმუშავებს და ისიც, რომელიც ქარდის სათავეშია. ისინი ბიჭებს მეტ ფულს აძლევენ“,
- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა ჯოშ ტომსონთან საუბრისას.
აქვე გეტყვით, რომ UFC 324-ის მთავარი მოვლენა მსუბუქ წონაში დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იქნება - ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.