ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძველ ფორმას დავუბრუნდე | ასპინალს ოპერაცია ჩაუტარდა
UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონ ტომ ასპინალს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. მებრძოლმა აღნიშნული ინფორმაცია X-ზე საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ტომ ასპინალი: „ერთ მხარეს ოპერაცია უკვე გავიკეთე, შემდეგი ოპერაცია იანვრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძველ ფორმას დავუბრუნდეთ.“
ოქტომბერში ასპინალმა საჩემპიონო ბრძოლა სირილ განთან გამართა, თუმცა თვალის დაზიანების გამო ბრძოლა პირველ რაუნდში დაასრულა, შედეგი გაბათილდა და ჩემპიონი კვლავ ასპინალია.
სირილ განთან ბრძოლის შესახებ ასპინალმა გასულ თვეში ისაუბრა. მისი თქმით, სირილ განი ცდილობდა მისი თვალი დაეზიანებინა, ეს მისი განზრახვა იყო: „თავდაპირველად მეგონა, რომ თვალში თითი შემთხვევით მომხვდა. როდესაც ახლიდან ვუყურე, მივხვდი, რაც ხდებოდა. ეს ბიჭი ცდილობდა, თითი თვალში განზრახ მოერტყა. დარტყმების ყოველი გაცვლისას, როდესაც სახიფათო სიტუაციაში ვარდებოდა, თითებს შლიდა და ჩემი თვალებისკენ მოჰქონდა''.
ასპინალმა სოციალურ ქსელში ექიმების დიაგნოზის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. ინგლისელ მებრძოლს აღენიშნება: ბინოკულარული კოორდინაციის დარღვევა და თვალის მოძრაობების შეზღუდვა, ტრავმული ბრაუნის სინდრომი (ბრაუნის სინდრომი გამოწვეულია ზედა ირიბი კუნთის გაუმართაობით, რის შედეგადაც თვალს უჭირს ზემოთ ახედვა), გაორებული მხედველობა, ტრავმის შედეგად შემცირებული მხედველობა, პერიფერიული მხედველობის პრობლემები და დაზიანებული ორბიტალური ძვალი.