კორმიე: არმანმა და ილიამ აუცილებლად უნდა იჩხუბონ
UFC-ის ორგზის ყოფილი ჩემპიონი და ამჟამად კომენტატორი, დანიელ კორმიე, მიიჩნევს, რომ ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს.
„არმანი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქტიური დარჩეს. ის, ალბათ, საუკეთესო მსუბუქწონოსანია მსოფლიოში მას შემდეგ, რაც ისლამი წავიდა. ის ძალიან კარგია. დიდია, ძლიერი და წარმოუდგენელი ფიზიკური მონაცემები აქვს. მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურია კი გამაოგნებელია. ილია და არმანი მსოფლიოს ორი საუკეთესო მებრძოლია. რაღაც მომენტში მათი ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს.
პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი შესანიშნავი მებრძოლები არიან, მაგრამ არმანსა და ილიას რაღაც განსაკუთრებული აქვთ. და ეს „რაღაც“ მხოლოდ მათ უნარებსა და ოსტატობას არ ეხება. მათ შორის არის ისტორია, რომლის გარშემოც დიდი ბრძოლის აგება შეიძლება. და დიახ, ვფიქრობ, რომ არმანი უბრალოდ ფანტასტიკურია. ის ძალიან კარგია და დენ ჰუკერის წინააღმდეგ დიდებულად გამოიყურებოდა“,
- განაცხადა ამერიკელმა Red Corner MMA-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულს ფლობს, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად შესვენება აიღო, ხოლო პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი 24 იანვარს დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებენ.