„მსოფლიოს გავაოცებ, ისევე როგორც ალიმ გააკეთა“ - უაილდერი უსიკთან ჩხუბზე
დეონტეი უაილდერი ალექსანდრ უსიკის გამოწვევაზე დათანხმდა. ამის შესახებ ამერიკელმა მოკრივემ ახლახან ინტერვიუს დროს განაცხადა.
უაილდერი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ალექსანდრე უსიკმა ის გამოიწვია, თუმცა ამერიკელს ესმის, რატომ სურს მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს თავის შემდეგ მეტოქედ მისი ხილვა.
„ამას საერთოდ არ ველოდი და დიახ - სიხარულმა ამავსო. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს. უბრალოდ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდეს და ფანებს მივცეთ ის, რისი ნახვაც ასე სურთ.
ვფიქრობ, ისიც, ისევე როგორც სხვა მებრძოლები, თვლის, რომ ახლა ჩემი დამარცხება შესაძლებელია. ყველას ჰგონია, რომ ჩემს აბჯარში ბზარებს ხედავენ, სხვადასხვა მომენტებს, რომელთა გამოყენებაც ჩემს დასამარცხებლად შეიძლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარსულ საუბრებს ვიხსენებ. როდესაც მწვერვალზე ვიყავი, ასე არ ლაპარაკობდნენ. მაშინ საუბრები სულ სხვანაირი იყო. ზუსტად ვიცი: რაც უფრო მეტს აგებ, მით მეტი შესაძლებლობა გეძლევა. ეს ფაქტია. წაგებისას მეტი შანსი გაქვს, რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ შენი ძლევა შეუძლიათ.
მაგრამ ყველაფერი რიგზეა. საჭიროა გარკვეული იუმორის გრძნობა და „სქელი კანი“ - მე ეს ყველაფერი მაქვს და მოუთმენლად ველოდები იმას, რაც ღმერთმა ჩემთვის მოამზადა. ეს იქნება რაღაც დიდი და ხალხი შოკირებული დარჩება. მუჰამედ ალი ამბობდა, რომ მან შეძრა და შოკში ჩააგდო მსოფლიო - მეც ასე ვიზამ. მე მას შოკში ჩავაგდებ და კარგად შევაჯანჯღარებ“,
- თქვა ყოფილმა ჩემპიონმა Boxing Scene-თან ინტერვიუში.
დეონტეი უაილდერი რინგზე ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში გავიდა, სადაც მეშვიდე რაუნდში ვადაზე ადრე დაამარცხა ტაირელ ენტონი ჰენდონი, ხოლო ალექსანდრ უსიკი ივლისში მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, როდესაც მეხუთე რაუნდში ბრიტანელი დანიელ დიუბუა დაანოკაუტა. გასულ თვეში უკრაინელმა მოკრივემ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაკარგა, რადგან WBO-ს სავალდებულო დაცვაზე უარი თქვა და ქამარი ვაკანტური გახადა.