„რამდენიმე კლუბი აკვირდება“ - Foot Mercato წიტაიშვილზე წერს
„პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი ეფექტური გოლის შემდეგ „მეცის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Foot Mercato იტყობინება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ბაზარზე წიტაიშვილის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდის, რომ ზაფხულში მას კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურება, რის შემდეგაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
„ჩვენი ცნობებით, წიტაიშვილს ყურადღებით აკვირდებიან ლიგა 1-ის გუნდები, „ლიონი“ და „ლილი“. თუმცა ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი საფრანგეთის საზღვრებს სცდება. როგორც წყაროსგან შევიტყვეთ, წიტაიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გამოითხოვა იტალიურმა „ლაციომ“, ესპანეთში კი მის მიმართ ინტერესს „ვილიარეალი“ იჩენს. კერძოდ, პირენეებზე გადაბარგებული გიორგი მიქაუტაძე თავისი თანამემამულისთვის „აგენტის“ როლს ასრულებს და „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ წიტაიშვილის შეძენას ურჩევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთხელ ასეთი საქმე მას უკვე გამოუვიდა - „მეცს“ წიტაიშვილის დამატება სწორედ მიქაუტაძემ ურჩია“, - წერს Foot Mercato.
ცნობისთვის, წიტაიშვილი 25 წლისაა და „მეცში“ გადასვლამდე ის კიევის „დინამოს“, ოდესის „ჩორნომორეცის“, პოლტავის „ვორსკლას“, კრაკოვის „ვისლას“, პოზნანის „ლეხის“, ბათუმის „დინამოსა“ და „გრანადას“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.