მსაჯმა თამაში ვეღარ გააგრძელა - უცნაური შემთხვევა NBA-ში
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თბილისის დროით დღეს დილით გამართულ „კლივლენდი“ – „ჩიკაგოს“ (125:136) შეხვედრაში უცნაური შემთხვევა მოხდა. მატჩის მიმდინარეობისას რომელიმე კალათბურთელის დაშავებაში უცნაური არაფერია, მაგრამ როდესაც თამაშს მსაჯი ვერ აგრძელებს, ეს მართლაც იშვიათი ფაქტია. სწორედ ასე მოხდა ამჯერად - ტრე მედოქსი ერთ-ერთ ეპიზოდში წაიქცა და ტერფი მოიტეხა, რის გამოც მაშინვე გასახდელში გადაიყვანეს.
ბუნებრივია მედოქსი დარბაზში ვეღარ დაბრუნდა და შეხვედრა სამის ნაცვლად, ორმა არბიტრმა რეი აკოსტამ და ფენიზ რენსომმა ჩაამთავრეს. 58 წლის თემიდის მსახურს კი, რომელიც უკვე მე-15 სეზონია NBA-ში მსაჯობს და 2025 წლის თებერვალში კი სან-ფრანცისკოში ყველა ვარსკვლავის მატჩის გაძღოლაც ანდეს, სავარაუდოდ რამდენიმეთვიანი მკურნალობის კურსის ჩატარება მოუწევს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გამარჯვებული „ბულსის“ რიგებში ნიკოლა ვუჩევიჩი (24 ქულა, 15 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება) და მატას ბუზელისი (24 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება) გამოირჩეოდნენ, ხოლო „კავალიერსის“ შემადგენლობაში 35 ქულით, 2 მოხსნით, 8 ასისტითა და 1 ჩაჭრით გამორჩეული დარიუს გარლანდი იყო.