Aa
Aa

ქინქლაძე "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ათეულში!

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა, რომელშიც გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.

10) გიორგი ქინქლაძე

1995 წელს, როდესაც გიორგი ქინქლაძემ სეზონის სტარტზე "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გააფორმა „ქალაქელები“ საშინელ ფეხბურთს თამაშობდნენ. სიტუაცია არც ქართველის კლუბში ყოფნის პერიოდში შეცვლილა და საბოლოოდ, 1998 წელს, როდესაც ქინქლაძემ "მანჩესტერელები" დატოვა გუნდი დაბალ დივიზიონში ორჯერ დაქვეითდა.

მიუხედავად „ქალაქელების“ საშინელი ფორმისა, გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. თუ ქართველის თამაშის ხილვის ბედნიერება არ გერგოთ, აუცილებლად მოძებნეთ ინტერნეტში გიორგი ქინქლაძის საოცარი თამაში საუთჰემპტონისწინააღმდეგ.

9) მაიკ დოილი

მაიკ დოილმა სიტის რიგებში 13 სეზონი გაატარა და კლუბის მაისური 570-ჯერ მოირგო. დოილი გულშემატკივრებს მისი მებრძოლი სულისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სიძულვილის გამო განსაკუთრებით უყვარდათ.

მაიკმა „ქალაქელთა“ რიგებში ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი, ასოციაციის თასი, პირველი დივიზიონი და მეორე დივიზიონი მოიგო. 2011 წლამდე იგი ერთადერთი „სიტის“ კაპიტანი იყო, რომელმაც „უემბლიზე“ თასის აღმართვა მოახერხა. სამწუხაროდ ამავე წლის ივნისში, რეკორდის დამხობიდან რამდენიმე თვის შემდეგ მაიკ დოილი გარდაიცვალა.

8) ვინსენტ კომპანი

„სიტის“ ახალი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვინსენტ კომპანია. ბელგიელი საუცხოო კაპიტანი და მისაბაძი ფეხბურთელია. რომ არა ხშირი ტრამვიანობა კომპანი ამ სიაში გაცილებით მაღალ საფეხურზე იქნებოდა. თუმცა გამორიცხული არაფერია და წლევანდელ სეზონში სავსებით შესაძლებელია 31 წლის მცველმა კვლავ მოახერხოს „სიტის“ გულშემატკივრების გულების დაპყრობა.

7) ფრენკ სვიფტი

ფრენკ სვიფტმა „ქალაქელთა“ შემადგენლობაში ასოციაციის თასი და ლიგის ჩემპიონობა მოიგო. სვიფტმა ინგლისის ნაკრებში 19-ჯერ ითამაშა, თუმცა ომმა ფრენკს საუკეთესო წლები წაართვა და კარიერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტურ საქმიანობას მოკიდა ხელი. სვიფტი, სამწუხაროდ 1958 წელს მიუნხენის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

6) ბერტ ტრაუტმანი

ბერტ ტრაუტმანი მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მხარეს იბრძოდა და ხუთი მედლის მოპოვებაც მოახერხა. ომის დასრულების შემდეგ ტრაუტმანის „მანჩესტერში“ ჩასვლამ გუნდის გულშემატკივრებს გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ბერტმა მალევე მოახერხა ქომაგების გულების მოგება და თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით შეიძინა. საინტერესოა, რომ 1958 წლის ასოციაციის თასის ფინალში ტრაუტმანმა კისერი მოიტეხა მაგრამ მოედანი არ დატოვა და დიდი როლი ითამაშა „ქალაქელების“ გამარჯვებაში.

5) მაიკ სამერბი

60-იანი წლები თამამად შეიძლება ჩაითვალოს „მანჩესტერ სიტის“ ოქროს ხანად. ამ წლებში ლიდერ კოლინ ბელთან ერთად გუნდში ამინდს მაიკ სამერბი ქმნიდა. პრესტონში დაბადებულმა ვინგერმა ცისფერი მაისური 400-ჯერ მოირგო და ამჟამად გუნდის საპატიო ელჩია. ბრიტანულ ტელევიზიებში „სიტის“ ლეგენდამ გუნდის პოლიტიკა და თამაშის ფილოსოფია არაერთხელ დაიცვა, რამაც მისდამი გულშემატკივრების სიყვარული ერთი-ორად აამაღლა.

4) კოლინ ბელი

არსებობენ „სიტის“ გულშემატკივრები, რომლებიც გაღიზიანდებიან კოლინ ბელის მეოთხე ადგილზე გამწესებით. იგი იმდენად გამოირჩეოდა საკუთარი გამძლეობით, რომ ზედმეტსახელად “Nijinsky” დაარქვეს დოღის მომგები ცხენის საპატივცემულოდ.

ბელმა ორი ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი, პირველი დივიზიონი და მეორე დივიზიონის ტიტულები მოიგო. იგი ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის სახელობის სექტორიც „ეტიჰად სტედიუმზე“ არსებობს.

3) იაია ტურე

ტურე არის ფეხბურთელი, რომელმაც 2011 წელს გაუტანა „იუნაიტედს“ და გუნდი FA თასის ფინალში გაიყვანა, შემდეგ მან „სტოკ სიტისაც“ გაუტანა და გუნდს 1974 წლის შემდეგ პირველი თასი მოაგებინა.

მართალია მასთან მიმართებაში პრობლემებიც იყო, მაგრამ ტურე კარიერის ბოლოს ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ გაცილებას.

2) სერხიო აგუერო

2011 წელს, 35 მილიონ ფუნტად შეძენილი სერხიო აგუერო კრიტიკის ქვეშ იყო, რადგან ყველა ამბობდა, რომ ის ამდენი არ ღირდა.

199 გოლის, პრემიერლიგისა (1) და ლიგის თასის სამჯერ მოგების შემდეგ, ასეთი რამ არავის უთქვამს.

არგენტინელს არ გაუმართლა, რომ ის პირველ ადგილზე ვერ მოხვდა, მაგრამ ქალაქში არის ხალხი, ვინც მას საუკეთესოდ თვლის.

„ქუინზ პარკის“ კარში აგუეროს მიერ გატანილი გოლი, რომელმაც 44 წლის შემდეგ „სიტის“ პრემიერლიგა მოაგებინა, თამამად შეგვიძლია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად ჩავთვალოთ.

1) დავიდ სილვა

ჯადოქარი! ფეხბურთელი, რომელმაც „სიტის“ ქომაგებს ოცნება რეალობად უქცია და ეს დღემდე გრძელდება.

სილვა ეტაპობრივად დაღვინდა და კლუბის ისტორიაში მის მიერ დატოვებული კვალი გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშისა.

სილვას შესანიშნავი გადაცემა „ოლდ ტრაფორდზე“, როდესაც ედინ ჯეკომ ანგარიში 6:1 გახადა, ეს ეპიზოდი აგუეროს მიერ „ქუინზ პარკთან“ გატანილ გამარჯვების მომტან გოლზე გაცილებით სასიამოვნო სანახავი იყო.

ამ მომენტმა, „სიტის“ ერთ-ერთ ქომაგს ხუმრობისკენაც უბიძგა და მან განაცხადა, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიალზე ეს ვიდეო ეჩვენებინათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები