NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
ჰიუსტონი - სან ანტონიო 109-93
ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო „სან ანტონიომ“. „სპურსი“ ამჯერად ტეხასურ დერბიში ჩემპიონატის ლიდერ - „ჰიუსტონ როქეთსთან“ დამარცხდა.
„როქეთსის“ რიგებში ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა 28 ქულით. სათადარიგო სკამიდან კვლავ კარგად ჩაერთო ჯერალდ გრინი. 32 წლის უკანახაზელმა გუნდს 14 ქულა შესძინა. ორმაგ დუბლამდე ერთი გადაცემა დააკლდა კრის პოლს - 18 ქულა, 9 პასი.
ლამარკუს ოლდრიჯის არყოფნაში „სპურსს“ ბრინ ფორბსმა და დერიკ ვაითმა ულიდერეს 14-14 ქულით. 13 ქულა ჩაიწერა აქტივში რუდი გეიმ.
ამ გამარჯვების შემდეგ „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება და „გოლდენ სტეიტს“ 2 გამარჯვებით უსწრებს. რაც შეეხება „სან ანტონიოს“, პოპოვიჩის შეგირდები კონფერენციაში მე-10 ადგილამდე დაქვეითდნენ და დიდი ალბათობით პლეიოფის მიღმა დარჩებიან.
მემფისი - მილოუკი 103 – 121
ზედიზედ მე-18 შეხვედრა წააგო „მემფის გრიზლიმ“. „დათვები“ ამჯერად საკუთარ მოედანზე „მილოუკი ბაქსთან“ დამარცხდნენ.
„ხარირმებს“ კრის მიდელტონმა ულიდერა 24 ქულით. 20 ქულას მოუყარა თავი იანის ანტატეკუნპომ. წარმატებული გამოდგა ბრენდონ ჯენინგსის დებიუტი „მილოუკიში“, 28 წლის უკანახაზელმა 16 ქულასთან ერთად 12 გადაცემა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შეგახსენებთ, რომ ჯენინგსი „ბაქსმა“ 10 დღიანი კონტრაქტით გაიფორმა.
„მემფისის“ მხრიდან 17 ქულა მოაგროვა მარკ გაზოლმა, სათადარიგო სკამიდან 16 ქულა შესძინა გუნდს ბენ მაკლემორმა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ბაქსს“ 36 გამარჯვება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ოკლაჰომა - საკრამენტო 106 – 101
ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო „ოკლაჰომამ“. „თანდერმა“ ამჯერად შინ ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „საკრამენტო კინგსი“ დაამარცხა.
„ოკლაჰომას“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ ვესტბრუკმა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 11 გადაცემა. 21 ქულა მიითვალა კარმელო ენტონიმ. „თანდერის“ ახალწვეულმა კორი ბრიუერმა კი გუნდს 16 ქულა შესძინა.
„მეფეების“ მხრიდან ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა 19 ქულით, სათადარიგო სკამიდან 15 ქულა შესძინა გუნდს გარეტ ტემპლმა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ოკლაჰომამ“ 40 მოგება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
პორტლენდი - მაიამი 115 – 99
დღევანდელი ტური პორტლენდში „ტრეილ ბლეიზერსისა“ და „მაიამი ჰიტის“ დაპირისპირებით დაიხურა.
„პორტლენდმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და პირველი ტაიმი 12 ქულიანი სხვაობით მოიგო. „ბლეიზერსს“ დამიან ლილარდმა ულიდერა 32 ქულითა და 10 გადაცემით. ორმაგი დუბლი მიითვალა იუსუფ ნურკიჩმა - 27 ქულა, 16 მოხსნა.
ფლორიდელთა მხრიდან გორან დრაგიჩი გამოირჩა 23 ქულით. სათადარიგო სკამიდან ორმაგი დუბლი მიითვალა ჯასტინს უინსლოუმ - 15 ქულა, 13 მოხსნა.
“პორტლენდმა“ ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.