გუგეშაშვილს აკვირდებიან | ქეცბაიას ანორთოსისს მეკარის დამატება უნდა
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ფამაგუსტელებმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან ორი მოიგეს, სამი კი ფრედ დაასრულეს და კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია.
„ანორთოსისში“ სამომავლო გეგმებზეც ფიქრობენ და სატრანსფერო პოლიტიკას განიხილავენ. კვიპროსული გამოცემის, 24 Sports-ის ცნობით, მოთმაშეების შერჩევა ქეცბაიასთან კონსულტაციით ხდება და თემურის ყურადღების ცენტრში ქართველი ფეხბურთელია.
24Sports-ის ცნობით, „ანორთოსისის“ რადარზე ლუკა გუგეშაშვილი მოექცა. 26 წლის მეკარე „პაოკის“ საკუთრებაა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და შესაძლოა, ბერძნული კლუბი მის გასხვისებას ან განათხოვრებას დათანხმდეს. „ანორთოსისი“ გუგეშაშვილის კანდიდატურას იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთხელ განიხილავს და მოსალოდნელია, რომ კონკრეტულ ნაბიჯსაც გადადგამს.
ცნობისთვის, ქეცბაიას გუნდს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ და სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდებიან.