Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ლეიკერსი - კლივლენდი 127 – 113

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა აიზეა ტომასმა. „ლეიკერსმა“ შინ შარშანდელი სეზონის ფინალისტი „კლივლენდი“ უშანსოდ, 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„ლეიკერსს“ ჯულიუს რენდელმა ულიდერა 36 ქულითა და 14 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 20 ქულა ჩაიწერა აქტივში აიზეა ტომასმა.

„კლივლენდის „სასტარტო ხუთეულს კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს. ლებრონის გარდა 10 ქულიან ზღვარს მხოლოდ ლერი ნენსი ჯუნიორი გადაცდა. სათადარიგო სკამიდან კი 15 ქულა მიითვალა ანტე ზიზიჩმა. თამაში არ წაუვიდა ჯორდან კლარკსონს, ფილიპინელმა 8-დან მხოლოდ 1 ბურთი მოათავსა კალათში და 4 ქულას დასჯერდა.

30 მოგებითა და 36 მარცხით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს იკავებს.

 

მინესოტა - გოლდენ სტეიტი 109 – 103

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „გოლდენ სტეიტმა“. „მეომრები“ სტეფ კარის გარეშე ამჯერად სტუმრად მინეაპოლისში დამარცხდნენ.

„ტიმბერვულვზს“ ბატლერის არყოფნაში კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა 31 ქულითა და 16 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა შესძინა ჯამალ კროუფორდმა.

„მეომრებს“ კევინ დურანტმა ულიდერა 39 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა ქართველმა ცენტრმა - 16 ქულა, 11 მოხსნა.

39 მოგებითა და 29 „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

დალასი - ჰიუსტონი 85 - 102

ტეხასურ დერბიში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ჰიუსტონმა“. „როქეთსმა“ ჯეიმს ჰარდენის გარეშე „დალას მავერიქსი“ დაამარცხეს.

„ჰიუსტონს“ ერიკ გორდონმა ულიდერა 26 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა კრის პოლმა - 24 ქულა, 12 გადაცემა. სათადარიგო სკამიდან 13 ქულა შესძინა გუნდს ჯერალდ გრინმა, 12 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯო ჯონსონმა.

„დალასის“ მხრიდან დუაით პაუელი გამოირჩა 20 ქულით. 13 ქულა მიითვალა ლეგენდარულმა გერმანელმა - დირკ ნოვიცკიმ.

„ჰიუსტონი“ 52 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

ბოსტონი - ინდიანა 97 – 99

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ბოსტონში. „კელტები“ მოულოდნელად შინ „პეისერსთან“ ორქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ბოსტონელებს მარკუს სმარტმა ულიდერა 20 ქულით. სათადარიგო სკამიდან 16 ქულა შესძინა გუნდს ტერი როზიერმა.

„ინდიანას“ რიგებში ტრადიციულად გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ოლადიპომ,  25 წლის უკანახაზელმა 27 ქულა და 4 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს დომანტას საბონისმა.

39 მოგებითა და 28 მარცხით „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ ორლეანი - იუტა 99 – 116

სტუმრად ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა მოიგო „იუტამ“. „ჯაზმენებმა“ ამჯერად საგარეო შეხვედრაში „პელიკანსი“ დაამარცხეს.

„იუტას“ რიკი რუბიომ ულიდერა 30 ქულითა და 10 მოხსნით. 27 ქულა შესძინა გუნდს დონოვან მიჩელმა. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა რუდი გობერმა - 19 ქულა, 16 მოხსნა.

„პელიკანსის“ რიგებში ტრადიციულად გამორჩეული მატჩი ჩაატარა ენტონი დევისმა, 25 წლის მძიმე ფორვარდმა შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით და 10 ბლოკით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა შესძინა გუნდს იან კლარკმა.

37 მოგებითა და 30 მარცხით „იუტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ იორკი - ტორონტო 106 – 132

საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური „მედისო სქუარ გარდენში“ „ტორონტოსა“ და „ნიუ იორკის“ დაპირისპირებით გაიხსნა.  აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს არ გასჭირვებია ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება.

კანადელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრაში 26 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

ტრადიციულად გამორჩეული იყო „ტორონტოს“ სათადარიგო სკამი, რომელმაც ჯამში 59 ქულა შესძინა გუნდს. ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა ლიტველ ცენტრს იონას ვალანჩუნასს - 17 ქულა, 9 მოხსნა.

49 მოგებითა და 17 მარცხით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

სხვა მატჩების შედეგები: 

ატლანტა - ჩიკაგო 122 – 129

ბრუკლინი - ფილადელფია 97 – 120

დენვერი - საკრამენტო 130 – 104

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები