„მსაჯებს მხოლოდ რეალი ყიდულობს“ - ლაპორტამ პერესს უპასუხა
„რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრების მონაწილეობით გასულ კვირაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეგრეთწოდებულ „ნეგრეირას საქმეზე“ ბრალდებულმა „ბარსელონამ“ არბიტრების მოსყიდვით იმდენი მოახერხა, რომ ლა ლიგაში დომინანტი გახდა. პერესმა ასევე აბსურდი უწოდა იმ ფაქტს, რომ მისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე პრიმერადივიზიონი. ბუნებრივია, კოლეგის ასეთი კრიტიკული განცხადება „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს უპასუხოდ არ დაუტოვებია და ჟოან ლაპორტას განცხადება ასეთი გახლდათ:
„ახლახანს გამახსენდა „რეალის“ პრეზიდენტის აბსურდული განცხადება, რომელზეც პასუხის გაცემას აუცილებლობად მივიჩნევ. ფლორენტინო პერესის სიტყვები სრულიად უადგილო გახლდათ და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შეპყრობილნი არიან მადრიდში „ბარსელონას“ სიძულვილით.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი საკუთარ ცუდ შედეგებზე თავს ისე ვერასოდეს გაიმართლებენ, ირიბად ან პირდაპირ ჩვენი გუნდი რომ არ ახსენონ. „ნეგრეირას საქმის“ სასამართლო პროცესში მადრიდელებიც აქტიურად ერეოდნენ. ეს საქმე კი საღეჭი რეზინივით გაიწელა, რადგან გამოსაძიებელი არაფერია და „ბარსელონას“ ვერასოდეს ვერც ერთი მსაჯის მოსყიდვას ვერ დაუმტკიცებენ.
სულ ახალახანს „ელჩესთან“ (2:2) მატჩში „რეალმა“ ორი ისეთი გოლი გაიტანა, რომლებიც არ უნდა ჩათვლილიყო. პირველ ეპიზოდში ბურთი ბელინგემს ხელზე შეეხო, ხოლო მეორეში ვინისიუსმა მეტოქეს ცხვირი გაუტეხა. ყოველივე ეს არბიტრს რომ შეემჩნია, ახლა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერი „ბარსელონა“ იქნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, მათ ჰყოფნით სინდისი და მსაჯების მოსყიდვაში კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ“.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ცამეტ ტურში დაგროვებული 32 ქულით „რეალი“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ მხოლოდ ქულით უსწრებს. ხვალ მადრიდელები სტუმრად „ჟირონას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „ბლაუგრანა“ საკუთარ სტადიონზე „ალავესს“ უმასპინძლებს.