„ყველაზე ნიჭიერი მებრძოლია“ - ჩენდლერმა თოფურიაზე ილაპარაკა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ილია თოფურიას ორგანიზაციაში ყველაზე ნიჭიერი მებრძოლი უწოდა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ პედი პიმბლეტი „ელ მატადორს“ დაამარცხებს და ჩემპიონი გახდება.
„ვფიქრობ, პედის ექნება კარგი შანსი, რომ ერთ ან ორ რაუნდზე მეტხანს გაძლოს, რადგან ის არ იქნება ბრძოლაში იმდენად ჩართული, რამდენადაც ოლივეირა იყო. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ილია თოფურიაზე ვსაუბრობთ. რომ ვლაპარაკობდეთ ერთი წლის წინანდელ მსუბუქ წონაზე და პედიზე ჩვენი აპრილის ბრძოლის შემდეგ, მე ვიტყოდი, რომ მას მეტი შანსი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ილია თოფურია ყველაზე ნიჭიერი მებრძოლია, არა მხოლოდ ჩვენს დივიზიონში, არამედ მთელ სპორტში - ეს ჩემი პირადი აზრია“ - თქვა ჩენდლერმა.
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება წუხელ გააკეთა. როგორც „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.
„2026 წლის პირველ კვარტალში არ ვიბრძოლებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. ამიტომ, ჯერ მინდა ჩემს შვილებზე ვკონცენტრირდე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე ვაცნობებ მატჩმეიკერებს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იანვარში დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ.