ჰელვანი: კიდევ რა უნდა გააკეთოს ცარუკიანმა, რომ სატიტულო ჩხუბი მიიღოს?
ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ UFC გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის ბრძოლა დაანონსდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პიმბლეტი და გეიჯი იანვარში დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ. დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, ასპარეზობებში პაუზას აიღებს.
„ეს არის ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის, რომელშიც მთავარი პრეტენდენტიც კი არ მონაწილეობს, რადგან სუბუქი წონის ქამრის მთავარი პრეტენდენტი არმან ცარუკიანია და ის რატომღაც ამ ბრძოლაში არ არის. ეს აბსურდული დაპირისპირებაა - უბრალოდ სიგიჟეა, რომ ის ქარდში ამანდა ნუნიესისა და კაილა ჰარისონის სატიტულო ბრძოლაზე მაღლა დგას. ამასთან, დენა უაითმა უკვე თქვა, რომ ამ ბრძოლის გამარჯვებული ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე გახდება. მაშინ რა იქნება არმანის ბედი? კიდევ რა უნდა გაააკეთოს მან, რომ ბოლოს და ბოლოს ტიტულის შანსი მიიღოს?“ – თქვა ჰელვანიმ.
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება წუხელ გააკეთა. როგორც „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.
„2026 წლის პირველ კვარტალში არ ვიბრძოლებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. ამიტომ, ჯერ მინდა ჩემს შვილებზე ვკონცენტრირდე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე ვაცნობებ მატჩმეიკერებს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.