ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, შონ ომალი, დენა უაითი, უმარ ნურმაგომედოვი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დეივისონ ფიგერედო, კაილა ჰარისონი
Aa
Aa

დიდი სანახაობა გველის! 2026 წლის პირველი სატიტულო ბრძოლები ცნობილია

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა, დაანონსებულ სპეციალურ LIVE-ში 2026 წლის პირველი ხმაურიანი ბრძოლების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უკვე ოფიციალურად ჩაინიშნა.

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს და დროებით პაუზას იღებს, რის შემდეგაც მსუბუქ წონაში დროებითი სატიტულო ბრძოლა მივიღეთ.

UFC 324-ის მთავარი მოვლენა, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება - ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტის წინააღმდეგ. გამარჯვებული დროებით ტიტულს მიიღებს და მისი მომდევნო მეტოქე უდიდესი ალბათობით ილია თოფურია იქნება!

პედი პიმბლეტი ორგანიზაციაში დაუმარცხებლად ასპარეზობს, სადაც უკვე შვიდი გამარჯვება მოიპოვა. მიმდინარე წლის აპრილში გამართულ ბოლო ბრძოლაში მან მაიკლ ჩენდლერი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ჯასტინ გეიჯიმ გასული წლის აპრილში BMF-ის ტიტული დაკარგა, მაქს ჰოლოვეისთან მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დამარცხების შემდეგ. თუმცა, მიმდინარე წლის მარტში „ჰაილაითმა“ კარიერა წარმატებულ კალაპოტში დააბრუნა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით რაფაელ ფიზიევი დაამარცხა.

ამჟამად ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი მსუბუქი წონის რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ.

UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ოქტაგონს 31 იანვარს, სიდნეიში, UFC 325 ტურნირზე დაუბრუნდება, სადაც ავსტრალიელის მეტოქე დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ბრაზილიელი დიეგო ლოპესი იქნება.

მიმდინარე წლის აპრილში ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ისლამ მახაჩევთან და ილია თოფურიასთან სატიტულო ბრძოლებში მტკივნეული მარცხის ორმაგი სერია დახურა, როდესაც დიეგო ლოპესს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და „ელ მატადორის“ მიერ გათავისუფლებული ვაკანტური ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ამის შემდეგ ვოლკანოვსკი ოქტაგონზე არ დაბრუნებულა, ხოლო ლოპესმა სექტემბერში იჩხუბა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით თანამემამულე ჯინ სილვა დაამარცხა.

კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა, ამჯერად სუპერმსუბუქ წონაში - 7-თვიანი პაუზის შემდეგ შონ ო'მალი UFC 324-ზე სონგ იადონგის წინააღმდეგ დაბრუნდება.

უმარ ნურმაგომედოვი კი სატიტულო ბრძოლის რიგში თავისი პოზიციების გამყარებას დეივესონ ფიგერედოსთან ჩხუბით შეეცდება. 24 იანვარს, UFC 324-ზე, ლას-ვეგასში!

დეივესონ ფიგერედომ ოქტომბერში ორმაგი მარცხის სერია დაასრულა, როდესაც მონტელ ჯექსონს მსაჯების გაყოფილი გადადაწყვეტილებით მოუგო. მანამდე ბრაზილიელი პიოტრ იანთან ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და კორი სენდჰეიგენთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო (მუხლის ტრავმის გამო მეორე რაუნდში).

ამჟამად ნურმაგომედოვი და ფიგერედო სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ და მეექვსე ადგილებს იკავებენ.

UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამანდა ნუნეში, კარიერას 24 იანვარს, UFC 324 ტურნირზე, ლას-ვეგასში განაახლებს, სადაც შეეცდება სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ტიტული დაიბრუნოს და დივიზიონის მოქმედ ჩემპიონ კაილა ჰარისონს სძლიოს.

მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კაილა ჰარისონმა, მეორე რაუნდში ჯულიანა პენიას „კიმურათი“ მოუგო და თანამემამულეს ჩემპიონის ქამარი UFC-ის ეგიდით გამართულ მესამე ბრძოლაში წაართვა.

ამანდა ნუნეში ოქტაგონზე 2023 წლის ივნისის შემდეგ არ გამოსულა, როდესაც ირენ ალდანას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო და პროფესიონალური კარიერის დასრულება გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები