15 წამით ადრე 7 ქულით აგებდნენ და მოიგეს | ლიეტუვას საკალათბურთო სიგიჟე
საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში დიდი ბრიტანეთი საშინაო არენაზე ლიეტუვას დაუპირისპირდა. მასპინძლები სენსაციასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ლიეტუვამ სასწაულო მოახდინა და იგნას სარგიუნასის სამი სამქულიანით, საოცარი თამაში მოიგო.
საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე დიდი ბრიტანეთი 7 ქულით იგებდა - 87:80. შეტევა ლიეტუველებს ჰქონდათ და სარგიუნასმა სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც სტუმრებმა ჯარიმა აიღეს და მაილს ჰესონმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა - 88:83.
მომდევნო შეტევაში, მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე, სარგიუნასმა კიდევ ერთი სამქულიანი მიითვალა - 88:86. დიდმა ბრიტანეთმა ბურთი თამაშში ვერ შეიტანა, სარგიუნასმა ჩაჭრა გაიფორმა და საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი ჩააგდო - 88:89.
ცნობისთვის, ამ ჯგუფში, ერთი სენსაცია მაინც მოხდა. იტალია საკუთარ კედლებში ისლანდიას დაუპირისპირდა და 76:81 დამარცხდა. ლიეტუვას მომდევნო მეტოქე სწორედ იტალიაა.