„ოქროს ბურთის მომავალი მფლობელია“ - ფრანკი პსჟ-ის ფეხბურთელზე
როგორც მოსალოდნელი იყო, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის V ტურის შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც საბოლოოდ ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა 5:3 გაიმარჯვა. ლონდონურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის ტომას ფრანკის ხელმძღვანელობით უძლიერეს მეტოქეს ევროპის სუპერთასის მსგავსად, ამჯერადაც გამართული თამაში დაუპირისპირა, თუმცა ეს გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც მატჩის დამთავრების შემდეგ წაგების მიზეზებზე ჰკითხეს, „დეზების“ დამრიგებელმა ასეთი პასუხი გასცა:
„რატომ დავმარცხდით? მეტოქე გუნდის რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ასპარეზობს და მასთან გამკლავება ვერ მოვახერხეთ. ვიტინიას ვგულისხმობ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა გარდა იმისა, რომ 3 გოლი გაგვიტანა, ისედაც უამრავი პრობლემები შეგვიქმნა. ჩემი აზრით, ის „ოქროს ბურთის“ მომავალი გამარჯვებულია“.
ცნობისათვის, პსჟ-ის პორტუგალიელი ნახევარმცველის ანგარიშზე „ტოტენჰემთან“ მატჩში 3 გოლია და სამიდან ერთ შემთხვევაში მას ასისტენტად ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა.