ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ეს უცნაური და არანორმალურია“ - ენრიკემ გუნდი შეაქო და ერნანდესი გააკრიტიკა

ლუის ენრიკემ „ტოტენჰემთან“ მოგებული (5:3) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდი შეაქო.

„ჩვენ დიდი და ძლიერი ხასიათი გამოვავლინეთ. ეს იყო რთული მატჩი, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ტოტენჰემმა შესანიშნავად, ხასიათით ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისინი ყველაფერს აკონტროლებდნენ და ძალიან კარგად იცავდნენ თავს.

ფეხბურთელების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ფრთხილად უნდა ვიყო, რას ვამბობ, განსაკუთრებით ფრანგულად. ფოკუსირებულები უნდა დავრჩეთ, მაგრამ ფეხბურთელები ასეთები არიან, ამას ვხედავ. არ ვღელავ მათი ქცევის გამო.

დღეს ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გვითამაშია ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშით. შედეგები ძალიან დამსახურებულია. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია. რა თქმა უნდა, დღეს მთელი გუნდი, მაგრამ განსაკუთრებით სამი ნახევარმცველი იყო წარმოუდგენელი. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. უორენ ზაირ-ემერიც ასევე. მოუთმენლად ველი, როდის ვიხილავ გუნდს ერთად, სრული ძალით მოთამაშეს. იმედი მაქვს, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.

ვიტინია? ის ვითარდება, ისევე როგორც გუნდი. თუ ინდივიდუალური ტიტულების მოგება გინდა, კლუბთან ერთად უნდა მოიგო. ფეხბურთი ასეთია. ის ძალიან განსაკუთრებულია, სხვებისგან განსხვავებული მოთამაშეა. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, რადგან ის ამას იმსახურებს. ძალიან ბევრს შრომობს, დიდ ხასიათს ავლენს, მაშინაც კი, როდესაც შეცდომა დაუშვა და გოლი გავუშვით, მან აჩვენა, რომ მზად იყო. მან პენალტი გაიტანა, ის შესანიშნავია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან თამაშობს.

ერნანდესის გაძევება? ვის მოსწონს ეს? პირველი შემთხვევა არ არის, და ეს უცნაურია, არანორმალურია. ცუდი განზრახვა არ არსებობს, რადგან ლუკასს ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ გააკონტროლო საკუთარი თავი“.

პსჟ 5 ტურის შემდეგ 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ლიდერ „არსენალს“ ჩამორჩება, რომელსაც 15 ქულა აქვს. მე-6 ტურში ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 11 დეკემბერს „სან მამესზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები