გიორგი შერმადინი
Aa
Aa

„მადლობა ყველას, მომავალ თაობას წარმატებას ვუსურვებ“ | შერმადინის ბოლო საშინაო მატჩი ნაკრებში

გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩში ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და 79:92 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ შერმადინი გულშემატკივრებმა გააცილეს, ხოლო ქართველმა ცენტრმა მათ მიმართა:

„ძალიან რთულია, დღევანდელი წაგების შემდეგ კომენტარის გაკეთება. ამ თამაშზე დიდი ხანი ვფიქრობდი — მეთამაშა თუ არა. ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში დღე არ გასულა, რომ ამაზე არ მეფიქრა. დღეს ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ, თქვენ წინ.

მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ამ 20 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში ვიყავი, ჩვენი ქვეყნისა და გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთე. რა თქმა უნდა, მომავალში ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ. იმ კალათბურთელებს, ვინც ჩემ შემდეგ ითამაშებენ, წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრჯერ გავლენ ევრობასკეტზე და მსოფლიო ჩემპიონატზე. მინდა მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ მოთამაშესა და ყველა კალათბურთელს, რომლებთანაც მითამაშია.

მადლობა კალათბურთის ფედერაციას, მთელ სტაფსა და ხელმძღვანელობას ვიქტორ სანიკიძის მეთაურობით. მადლობა საქართველოს მთავრობას, ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ნაკრებისთვის აკეთებენ. არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელმაც გამზარდა. ბატონი ჯამლეტის მეუღლე, ევა, აქაც უნდა მოვიკითხო. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის.“

შერმადინის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ესპანეთთან გაიმართება, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი და გეიჯი UFC 324-ზე იჩხუბებენ | ილია მათ გამარჯვებულს შეხვდება
პიმბლეტი და გეიჯი UFC 324-ზე იჩხუბებენ | ილია მათ გამარჯვებულს შეხვდება