კონფერენს ლიგა: კაშიას და მექვაბიშვილის გუნდებმა მოიგეს
დღეს საღამოს კონფერენს ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. თავიანთი შეხვედრები ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერებმაც.
გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ ლა ლიგის „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გურამი სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. 38 წლის ქართველმა მცველმა 49-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. დაცვაში კი უმაღლეს დონეზე ითამაშა და უხეში შეცდომა არ დაუშვია.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „რაიო ვალეკანო“ პირველ ტაიმში ფრან პერესის გოლით იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში კაშიასა და ალასანას გოლებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა გამარჯვება შეძლო.
ეს „სლოვანისთვის“ ტურნირზე პირველი სამი ქულა იყო. კაშიას გუნდი 30-ე ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურის შეხვედრას ბრატისლაველები 11 დეკემბერს სტუმრად „შკენდიას“ წინააღმდეგ გამართავენ.
თავისი მატჩი მოიგო ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამაც“, რომელმაც შინ „მაინცს“ 1:0 სძლია.
მექვაბიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და 94-ე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს. „კრაიოვა“ ამ გამარჯვების შემდეგ, 6 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში რუმინული კლუბი საკუთარ მოედანზე პრაღის „სპარტას“ დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგაზე ითამაშა გაბრიელ სიგუამაც, რომლის „ლოზანა“ სტუმრად პოლონეთში „ლეხთან“ დამარცხდა (0:2).
სიგუა სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. „ლოზანა“ 7 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში შვეიცარიელები სტუმრად ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდებიან.