„ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“ - ფრანგული მედიის შეფასება
გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მე-5 ტურში, საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ მატჩში 5:3 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ლუის ენრიკემ 79-ე წუთზე, უსმან დემბელეთი შეცვალა. მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში, ქართველი შემტევი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ვიტინიას მეორე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ხვიჩას საუკეთესო მომენტები:
ხვიჩას დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 76 შეხება, 7-დან 6 წარმატებული დრიბლინგი, 53-დან 47 ზუსტი პასი (89%), 2 საკვანძო პასი, 1 ართმევა, 1 ვარდნა, 1 განმუხტვა, 1 ბურთის დაბრუნება, 12-დან 7 მოგებული პოზიციური დუელი, 1 კარისკენ დარტყმა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.4 ქულით შეფასდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
რას წერენ ფრანგული სააგენტოები:
Footmercato – 6.5 ქულა: სტატისტიკის ფურცელი სრულად ვერ აღწერს მის გავლენას თამაშის შედეგზე. პირველ ტაიმში „პსჟ“-ს ლიდერი იყო და ხშირად, კატალიზატორის როლს ასრულებდა, იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე ამ როლის შესრულების დროს წარუმატებელი იყო. ვიტინიას მეორე გოლის დროს გადაცემა გააკეთა, რასაც წინ ბრწყინვალე მოძრაობა უძღოდა. მეორე ტაიმში, როდესაც ბურთს იღებდა, ინგლისელი მცველები უფრო მეტად ზღუდავდნენ.
Sofoot – 5 ქულა: ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე თამაში მაინც უჭირს. როგორც წესი, ის მარცხნივ უნდა იდგეს.
Eurosport.fr – 5 ქულა: როდესაც სირბილს იწყებს, მისთვის ბურთის წართმევა ყოველთვის რთულდება. ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. მე-18 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა. იმის მიუხედავად, რომ ვიტინიაზე საგოლე გადაცემა გააკეთა, „ტოტენჰემის“ მეორე გოლის დროს, რიჩარლისონის აქტიურობაზე რეაგირება უნდა მოეხდინა.
Le Parisien – 5 ქულა: დაცვის გასატეხად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწია ლოდინი. მე-18 წუთზე მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა. ტაიმის მიწურულს, კუთხური მოიპოვა, რამაც ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია, შემდეგ კი ვიტინიას მეორე გოლის დროს ასისტი შეასრულა და პორტუგალიელს გასატანად ხელსაყრელი მომენტი მისცა. ამის მიუხედავად, მისი თამაში არასტაბილური იყო და 79-ე წუთზე დემბელემ შეცვალა.
L’Equipe – 5 ქულა: ქართველი შემტევი, პირველ ტაიმში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მეტოქის კართან სახიფათო მომენტი შექმნა. მას რამდენიმე დრიბლინგი და 1-2 აფეთქება ჰქონდა, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის მიმდინარეობისას, უფრო გავლენიანი გახდა, ხაზებს შორის თავისუფლდებოდა და რამდენიმე შანსი შექმნა. პენალტის დანიშვნამდე მიმავალ ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. ამ მატჩში, ერთადერთი ნაკლი „ტოტენჰემის“ მეორე გოლში, კაცის არაზუსტი აყვანა იყო.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „პსჟ“-ის მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 4 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტია. ქართველი შემტევის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.